ახალი ამბები

საქსტატი მშპ-ს ახალი მეთოდოლოგიით დაითვლის, რაც რიცხვებში სავარაუდოდ მის ზრდას გამოიწვევს

6 ნოემბერი, 2019 • 1941
საქსტატი მშპ-ს ახალი მეთოდოლოგიით დაითვლის, რაც რიცხვებში სავარაუდოდ მის ზრდას გამოიწვევს

საქსტატი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობას ახალი მეთოდოლოგიით დაითვლის. საუბარია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტზე, SNA 2008-ზე, რომელზეც საქსტატი 15 ნოემბრიდან გადავა.

როგორც ნეტგაზეთს საქსტატის ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქარსაულიძემ უთხრა, რამდენიმე დღეში 2018 წლის მშპ-ს დაზუსტებული წლიური ანგარიში გამოქვეყნდება, რომელიც უკვე ახალი მეთოდოლოგიით იქნება დათვლილი.

ახალი მეთოდილოგიით დაითვლიან 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებსაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ამ მეთოდოლოგიით დიდი ალბათობით გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. ამის მიზეზად საერთაშორისო გამოცდილებას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც ახალი მეთოდოლოგია უკვე დანერგეს, რიცხვებში მშპ გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, SNA 2008-ზე ევროკავშირის ქვეყნები ჯერ კიდევ 2014 წელს გადავიდნენ. 2015 წლიდან  ახალ სტანდარტები SNA 2008 თურქეთმა და სომხეთმაც დანერგეს.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)  დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებით გამოხატული მთლიანი ღირებულებაა. 2018 წლის მონაცემებით ქვეყნის მშპ-ს მოცულობა 41.1 მილიარდი ლარია.

საქსტატის ინფორმაციითვე, ამ დრომდე მშპ-ს დათვლა 1993 წლის SNA-ის მეთოდოლოგიის მიხედვით ხდებოდა.  SNA 2008-ს წინა მეთოდოლოგიისგან ძირითადად სამი კომპონენტი განასხვავებს: ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილება, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაცია და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესება.

“თუ აქამდე მთლიანად ითვლებოდა შუალედურ მოხმარებად ფინანსური მომსახურების არაპირდაპირი შეფასება, ახლა გარკვეული ნაწილი კლასიფიცირდა როგორც საბოლოო მოხმარება. მაგალითად, შინამეურნეობების სამომხმარებლო კრედიტები, ანუ სამომხმარებლო მიზნით მოხმარებული ფინანსური შუამავლობა, ითვლება როგორც საბოლოო მოხმარება [შესაბამისად, იმ საანგარიშო პერიოდის მშპ-ში აისახება]. სხვა დანარჩენი ისევ დარჩა შუალედურ მოხმარებად.

რაც შეეხება საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების ნაწილს, დღევანდელი მეთოდოლოგიით საცხოვრისის მიერ შექმნილი მომსახურება წარმოების ფარგლებში შედის. მაგალითად, პიროვნება, რომელიც საკუთარ სახლში ცხოვრობს, ითვლება, რომ მისი სახლი ქმნის სერვისს, რომელსაც მესაკუთრე იყენებს. შესაბამისად, ეს მომსახურება, რომელსაც საკუთარი სახლი ქმნის, მშპ-ში უნდა აღირიცხოს. ეს აქამდეც აღირიცხებოდა უბრალოდ სხვა მეთოდით. თუ აქამდე ვითვლიდით შეფასების მეთოდით, ანუ საკუთარ სახლში მცხოვრებ პიროვნებას ვეკითხებოდით, რამდენს გადაიხდიდა, მისი ბინა რომ ექირავებინა, ახლა მომხმარებლის დანახარჯების მეთოდით მოხდება. დანახარჯების კომპონენტი გულისხმობს ყველა იმ დანახარჯის ჯამს, რაც აქვს სახლის მესაკუთრეს ამ სახლის მოვლა-პატრონობაზე. კვლევების კომპონენტი უკვე ახალია. აქამდე სრულად შუალედურ ხარჯად ითვლებოდა კვლევასა და დამუშავებაზე გაწეული ხარჯი. ახალ მეთოდოლოგიაში ეს უკვე კაპიტალურ ხარჯებში გადადის. ამის გამოკლება შუალედურ მოცულობაზე უკვე მშპ-ს ზრდას მოგვცემს”,-აცხადებს ქარსაულიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი