ახალი ამბებისაზოგადოება

საპატრიარქო: მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება

6 ნოემბერი, 2019 • 2975
საპატრიარქო: მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება

მას შემდეგ, რაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ლევან აკინის ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – თბილისში დაგეგმილი სეანსების ჩაშლა დააანონსეს და მუქარაც გაავრცელეს, ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

საპატრიარქოს 6 ნოემბრის განცხადებაში აკინის ფილმის ჩვენება და საპტრიარქოში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი აზრით, კინოსეანსების ჩანიშვნა “შემთხვევითი არ არის”.

“რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში, მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მით უმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება”, – აცხადებს საპატრიარქო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას.


“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა ლევან ასაძემაც გააკეთა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი