“ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არც კვადტრატულ მეტრებს უკავშირდება და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს. ეს პოლიტიკური თემაა, რომლის შინაარსიც შემდეგია, რომ, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და მეორე შენობაში გადავა. ეს საკითხი ნებისმიერ მოქალაქეს უკავშირდება. მე, როგორც მოქალაქემ, არ მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, რომ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში, რომელზეც ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია და, სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა, მე, გიორგი მარგველაშვილი, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, ხოლო როგორც პრეზიდენტი ვასრულებ ვალდებულებას და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას. მან მუშაობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დროებით გამოუყვეს ფართი. შენობა, რომელიც ათონელის 25-ში შენდებოდა, თავდაპირველად მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ შენობაში მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენცია.
თუმცა მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად ათონელის 25-ში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა. შენობის რემონტი და ავეჯით აღჭურვა დასრულებულია.
გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრისგან მოისმინა აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შეასახლონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობა ამ შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადგილას იგი ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი პრეზიდენტს მოუწოდა, რომ თამაშის წესებს დაექვემდებაროს.
