ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილი აფხაზ და ოს პაციენტებს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

21 აპრილი, 2015 • • 1159
ზაქარეიშვილი აფხაზ და ოს პაციენტებს  C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

როგორც ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, 21 აპრილს განუცხადა, C ჰეპატიტის პრობლემა საქართველოს მთელ მოსახლეობას ეხება, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებლებსაც.

 

„სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის C ჰეპატიტი ნომერ პირველი პრობლემაა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს ეძლევათ მსოფლიოში უპრეცედენტო შესაძლებლობა უფასოდ იმკურნალონ ძვირადღირებული წამლებით და სწრაფად განიკურნონ. ეს დამატებითი სიკეთეა, რაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილ მოსახლეობას, რათა მათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა აქ არის რამდენიმე ნიუანსი – ეს არის ძვირადღირებული პროგრამა და ამიტომ მკურნალობა ადგილზე ხდება. ამის გათვალისწინებით, მათ მოუწევთ ჩამოსვლა თბილისში ან იმ სამედიცინო ცენტრებში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდებათ. ასევე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ პროგრამაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია ჩართვა. ჩვენი მიზანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ეს სიკეთე სრულად გამოიყენოს. პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების კეთილი ნებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ადგილზე მკურნალობით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

დღეს თბილისში საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია “გილეადს” შორისხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც პრეპარატ სოფოსბუვირის საქართველოსთვის უფასოდ მოწოდებას ითვალისწინებს.


პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო
პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი