ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის ადგილას მე ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდი

21 აპრილი, 2015 •
ღარიბაშვილი: პრეზიდენტის ადგილას მე ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდი

მისი თქმით, საკითხის ისე დაყენება, ძალით ხომ არ გამოასახლებს პრეზიდენტს მთავრობა ავლაბრის სასახლიდან, არ შეიძლება, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს და მის გაკეთებას არავინ აპირებს. პრემიერის თქმით, მარგველაშვილმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა იმ შენობაში მუშაობას, რომლის აშენებაც ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდა.


“ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, თავიდანვე პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომ გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე ამას არ გავაკეთებდი. 100 პროცენტით გიდასტურებთ ამას. დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ თავს საშუალება მივცეთ და ნახევარმილიარდიან სასახლეში ვიცხოვროთ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ამ სასახლის მიმართ გვქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. მათ შორის პრეზიდენტსაც ჰქონდა ასეთი ნეგატიური დმაოკიდბეულება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელზეც 28 მილიონი დაიხარჯა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


 

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას. მან მუშაობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დროებით გამოუყვეს ფართი. შენობა, რომელიც ათონელის 25-ში შენდებოდა, თავდაპირველად მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ შენობაში მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენცია.

 

 

 

თუმცა მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად ათონელის 25-ში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა. შენობის რემონტი და ავეჯით აღჭურვა დასრულებულია. გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრისგან მოისმინა აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შეასახლონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობა ამ შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.




მასალების გადაბეჭდვის წესი