ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად ინიშნება

21 აპრილი, 2015 • • 1171
ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად ინიშნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს, 21 აპრილს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შავლიაშვილს თანამდებობიდან გადადგომა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში სურდა, როდესაც მას უთხრა, რომ თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტზე მუშაობა არ შეეძლო. ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ სწორედ დეკემბერში დაინიშნა.


“მას აღმოაჩნდა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, თანდაყოლილი, როგორც ჩანს. ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვლინდა, მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. ბოლო 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა, რომ გადამდგარიყო, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე იმ ახალი გამოწვევებიდან, ლარის დევალვაციიდან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო. ეს პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა. შეგახსენებთ ყველას, რომ 107%-იანი შესრულება ჰქონდა მის სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ მე მართლაც მეწყინა მისი გადადგომა, მე გავიზიარე ეს და, რა თქმა უნდა, მე მას ვერ დავაძალებდი, ვეღარ ვთხოვდი დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა. 


დავით შავლიაშვილი პოსტზე 2014 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის აპრილამდე კი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი