ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს – გერმანიის ელჩი

5 ნოემბერი, 2019 • 1139
საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტის დახურვას ეხმიანება:

“ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს”, – წერია ელჩის განცხადებაში.

მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი