ახალი ამბები

ლუკაშენკო საქართველოში მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის

21 აპრილი, 2015 • • 1108
ლუკაშენკო საქართველოში მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის

“საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია ბელორუსიის პრეზიდენტი აქ. ვიზიტისთვის მზადება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტისგან დაპატიჟება გაჟღერდა პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაციაზე, როდესაც ლუკაშენკო და მარგველაშვილი პირველად შეხვდნენ. მას შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიდიოდა მზადება, იყო უწყებათაშორისი კონსულტაციები, ეკონომიკური კომისიის რამდენიმე სხდომა და საბოლოოდ ეს ყველაფერი სრულდება იმით, რომ შედგება სახელმწიფო ვიზიტი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

მისივე თქმით, ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ორი ქვეყნის ურთიერთობაში:

 

“ჯერ ერთი, ეს არის პირველი სახელმწიფო ვიზიტი, ბელორუსიიდან ამ დონის ოფიციალური სტუმარი არ გვყოლია. თუ შევხედავთ დელეგაციის რაოდენობას და ხარისხობრივ წარმომადგენლობას, საკმაოდ მაღალი დონის და მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩამოდის, რაც საქართველოს მიმართ დიდ ინტერესზე  მიუთითებს.

 

პოლიტიკური თემებიდან უპირველეს ყოვლისა ხაზს გავუსვამდი იმ თემის მნიშვნელობას, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის პოლიტიკა და არაღიარების პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურ-სავაჭრო და ტურიზმის მიმართულებებს, ამ სფეროებში შეთანხმებები იქნება გაფორმებული და, საბოლოო ჯამში, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას,” – აცხადებს ფხალაძე.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა უხერხულობას საქართველოს ხელისუფლებას ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობა არის ევროპელი ლიდერებისა და დასავლეთის კრიტიკის საგანი ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო? – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პასუხობს:

 

“არ მესმის, რატომ უნდა შექმნას უხერხულობა. დამოკიდებულება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიმართ ყველა ქვეყანას თავისი აქვს. ის შენიშვნები თუ მოსაზრებები, რომლებიც არაერთხელ გაჟღერებულა ბელორუსიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ, უცხო არ არის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, უმნიშვნელოვანესია კეთილმეგობრული ურთიერთობები ყველა იმ სახელმწიფოსთან, ვისთანაც შეიძლება, რომ ასეთი ურთიერთოებები არსებობდეს. ბელორუსიელ და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან და ეს რესურსი გამოყენებული უყნდა იყოს, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ის დადებითი რესურსები და პოტნეციალი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანასთან არსებობს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული,” – აცხადებს ფხალაძე.

 

ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22-24 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი