ახალი ამბები

ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე “დაავადებული ხეების კავკასიური ჯიშებით” ჩანაცვლებას გეგმავს

4 ნოემბერი, 2019 • 2139
ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე “დაავადებული ხეების კავკასიური ჯიშებით” ჩანაცვლებას გეგმავს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ივანიშვილი ამბობს, 40-60- იან წლებში თბილისის ფერდობების გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბევრი ისეთი ხე დაირგო, რომელიც არსებული კლიმატური პირობებისა და ნიადაგისთვის შუუსაბამო იყო. ამის გამო, ივანიშვილის თქმით, მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება:

“ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანსს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა [ტყემალაძე], რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა”, – ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება:

“ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება. ამასთან ერთად, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ თაბორის მთის პროექტის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მუდმივად ირგვებოდა ახალი ხეები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯიშები არ იყო სწორად შერჩეული და ეს პროცესი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. მიუხედავად ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ თემურთან [ტყემალაძე] ერთად მის უნიკალურ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ძალიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ თბილისელებს” ,- ამბობს ივანიშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიას, ცნობილია თუ არა მათთვის იმ პროექტის შესახებ, რომელზეც ივანიშვილი საუბრობს და არსებობს თუ არა შესაბამისი თანხმობები, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი