ახალი ამბები

ივანიშვილი სასტუმრო “პარაგრაფს” 60 მლნ დოლარად ყიდის

4 ნოემბერი, 2019 • 6869
ივანიშვილი სასტუმრო “პარაგრაფს” 60 მლნ დოლარად ყიდის

ბიძინა ივანიშვილი ეძებს ინვესტორის, რომელიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “პარაგრაფს” 60 მლნ აშშ დოლარად იყიდის.

ივანიშვილის მტკიცებით, სასტუმროზე უკვე დახარჯულია 120 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თუ მყიდველი აუდიტის შედეგად  დაადასტურებს, რომ ეს თანხა რეალურად არ დახარჯულა, ივანიშვილი აცხადებს, რომ გასაყიდ თანხას კიდევ დააკლებს.

შეკვეთილში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “პარაგრაფი” ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია. Entrepreneur-თვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ამ პროექტზე და თქვა, რომ 220- ოთხიანი სასტუმროს მშენებლობის მიზანი ზღვისპირა რეგიონში მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვა იყო. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს პროქეტი წამგებიანია და ამის მიზეზად იმ განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას ასახელებს, რაც მისი თქმით, “პარაგრაფშია”:

“ავიღოთ, თუნდაც, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა.

შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს. ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო”, – აცხადებს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი