ახალი ამბები

1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა, ხორცი 14.7%-ით, პური – 11%-ით – ინფლაცია

4 ნოემბერი, 2019 • 1057
1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა, ხორცი 14.7%-ით, პური – 11%-ით – ინფლაცია

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის მაისის (7.1%) შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წლიური ინფლაცია ნიშნავს მიმდინარე წლის ოქტომბრის ფასების წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებას.

რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, ანუ როდესაც მიმდინარე წლის ოქტომბერს ამავე წლის სექეტმბერს ვადარებთ: ამ ფორმულით თვიური ინფლაციის დონე 0.8 პროცენტია.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა, როცა ინფლაცია გაანგარიშებულია თამბაქოს გამოკლებით, წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.2- პროცენტიანი ზრდა

თვიური ინფლაცია

ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით  სურსათსა და უალკოჰოლო საქონელზე ფასები, ჯამში, 1.6%-ით არის გაზრდილი. სურსათის კატეგორიაში ფასები ყველაზე მეტად, 2.7%-ით რძეზე, ყველსა და კვერცხზე გაიზარდა. ოქტომბერში ფასები თითქმის 6%-ით გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც.

თვიური ინფლაცია ოქტომბერში

წლიური ინფლაცია

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0- პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი