ახალი ამბებისამართალი

ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

4 ნოემბერი, 2019 • 8258
ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

“გაათავისუფლონ, ან საქართველოს გადმოსცენ”, – ამ მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მინდია გორაძე საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა.

“იგი უკვე ერთი წელია თურქეთის ციხეშია, სტამბულში… მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის უნდა გაათავისუფლონ”, – ამბობს მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ლექსო კობაიძე.

“მირჩევნია, ჩემი ძმა საქართველოს ციხეში იყოს… ეს არაა არც აქცია და არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, გვინდა შეხვედრა კონსულთან”, – გვითხრა მინდია გორაძის დამ, ირინა გორაძემ. მას ასევე ვკითხეთ, რა მდგომარეობაშია ლავასოღლი ციხეში, რადგან ცოტა ხნის წინ ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.

“არ ვადასტურებ ამას, ძალიან კარგად არის… მე ოთხი დღის წინ ვიყავი ჩასული და პირადად ვნახე. პრობლემა არსებობს მხოლოდ ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ქრისტიანები ვართ”, – უთხრა ირინა გორაძემ “ბათუმელებს”. მან არ დაგვიკონკრეტა, რა სახის პრობლემები ექმნება აღმსარებლობის კუთხით.

“ჩვენთან ციხეებში ეკლესიებია, იქ ლოცვა უნდა… ლოცულობს კიდეც…” – აღნიშნა ირინა გორაძემ.

“ლავასოღლის ჯვრის ტარების უფლებას არ აძლევენ, ეს შეზღუდვა აქვს…” – გვითხრა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.

ირინა გორაძე, ლავასოღლის და

მინდია ლავასოღლი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს. უცნობია, რატომ არ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული ლავასოღლი საქართველოს.

შეკრებილები კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი