„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ინფორმაციით, აღნიშნული თანხით დაგეგმილია საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, თბილისში საუნივერსიტეტო ფართების (ლაბორატორიებისა და სალექციო აუდიტორიების) რეაბილიტაცია-აღჭურვა, ახალი ლაბორატორიისთვის კორპუსის მშენებლობა და პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის გრანტის სახით 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპაქტის მიზანია პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. აქედან ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით 76 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, პროფესიული განათლების განვითარებისათვის – 16, ხოლო უმაღლესი განათლებისათვის – 30 მილიონი აშშ დოლარი.





