ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სიძულვილის ხელშემწყობი მდუმარე აფხაზური მედია

3 ნოემბერი, 2019 • 6529
სიძულვილის ხელშემწყობი მდუმარე აფხაზური მედია

ავტორი: ზურაბ წურწუმია, მედიევისტი, ისტორიის მაგისტრი


საქართველოს მოქალაქეები ბოლო რამდენიმე წელია რაც მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და პროგრამებს ვაფინანსებთ. ეს პროგრამები ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლებისა თუ სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობენ.

მოლოდინები განსხვავებულია. თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი ზოგიერთისთვის შერიგების ნიშანია, ზოგიერთისთვის კი ეს პროგრამები ბიუჯეტის უშედეგო ხარჯვის კიდევ ერთი მაგალითია. მიუხედავად ამ მოლოდინებისა, ქართული საზოგადოება ამ პროგრამების შესახებ ინფორმირებულია. მაგრამ რა ხდება აფხაზურ საზოგადოებაში? რამდენად იციან თანამშრომლობის ამ პერსპექტივების შესახებ? რამდენად საუბრობენ ამაზე?

მსგავს კითხვებზე პასუხისთვის როგორც წესი სოციალური გამოკითხვები ტარდება. ასეთის არარსებობის პირობებში კი ზუსტი, რაოდენობრივი მონაცემების დადგენა შეუძლებელია. თუმცა არსებობს ინტერნეტ სივრცე სადაც აფხაზური მედია ისევე ფუნქციონირებს როგორც სხვა საზოგადოების საინფორმაციო საშუალებები. ამ მედიის წაკითხვა და ყურება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

აფხაზურ ონლაინ გამოცემებსა და ტელევიზიებში არათუ სამშვიდობო ინიციატივები არ გაშუქება, არამედ საქართველოზეც კი თითქმის არავინ საუბრობს.

შემთხვევები, როდესაც  საქართველოს ახსენებენ, როგორც წესი „ცუდი მაგალითებია“ იმის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად თუ რა საფრთხეს წარმოადგენს თბილისი და მისი პოლიტიკა სოხუმისა და მთლიანი რეგიონისთვის. ასეთი მაგალითებია ნატო-საქართველოს ურთიერთობა და სამხედრო წვრთნები; ეუთოს თუ ევროპარლამენტის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

ნეგატიური ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“ მართალია ტენდენციურად, მაგრამ მაინც გაშუქდა. წამყვანმა მაყურებელს  აკაკი ბობოხიძე გააცნო, რომელმაც „მის მიერ აფხაზეთში ჩადენილ მკვლელობებზე პარლამენტის ტრიბუნიდან ხმამაღლა განაცხადა“. სოხუმის ცენტრალური არხის მთავარი საინფორმაციო გადაცემით მსგავსი ნიუსის გაგება საქართველოსადმი მხოლოდ ნეგატიურად თუ განაწყობდა აფხაზ აუდიტორიას.

მეორეს მხრივ საქართველოს შესახებ დუმილს ამჯობინებენ, როდესაც საქმე ჰუმანიტარულ ურთიერთობებს ეხება. ამის მაგალითია იგივე ცენტრალური არხის ივლისის სიუჟეტი. გალის სოფლებში თხილის პლანტაციების შეწამლვითი სამუშაოები ჩატარდა. მთავარი აქცენტი დე-ფაქტო მთავრობაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროზე გაკეთდა, ორიოდე სიტყვით, დაკონკრეტების გარეშე ახსენეს საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა არცერთი სიტყვა თქმულა საქართველოზე.

ჟურნალისტებს კი სავარაუდოდ მონტაჟისას გაეპარათ შესაწამლი ნივთიერებების ყუთის კადრი, რომელზეც ნათლად იკითხება ქართულენოვანი წარწერა. საქმე სულაც არ მდგომარეობს იმაში თბილისმა დააფინანსა ქიმიკატების შეძენა თუ უბრალოდ ენგურის მეორე ნაპირზე შეიძინეს ის. საქართველოსთან თანამშრომლობის, პოზიტიური ურთიერთობის ხაზგასმის სურვილის შემთხვევაში ეს უმნიშვნელო ფაქტიც საკმარისი იქნებოდა, რომ მედიას მისგან ცალკე მოვლენა შეექმნა. ამის ნაცვლად, ქართული კვალი წაშალეს. საბოლოო ჯამში კი, მხოლოდ შემდგარი ურთიერთობები დაზიანდა, რომელიც, როგორც ჩანს ბევრს დიდად არც ადარდებს.

ამგვარი სურათი შეიძლება ბევრ რამეზე მეტყველებდეს. მთავარი, რაც მედიის ამ პოლიტიკიდან ჩანს, არის ის, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ჩვენთან კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის მზად არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ხმამაღლა ვერ ან არ საუბრობენ. შესაძლოა, ისინი ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. გარდა ამისა, ომის თემა იმდენად გამჯდარია ადგილობრივ ნაციონალიზმში, რომ ქართველებთან ურთიერთობა ბევრისთვის იდეაშივე მიუღებელია.

ამის მაგალითია აპრილის თვეში აფხაზი ომის ვეტერან დაურ კვიწინიას შემთხვევა: მან ისარგებლა რეფერალური პროგრამით, ხოლო შემდეგ სტუდია რე-ს ჟურნალისტ მამუკა ყუფარაძესთან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა. კვიწინიამ რამდენიმე დღეში აფხაზ ვეტერანებსა და დაღუპულების დედებს ბოდიში მოუხადა.

კვიწინიას შემთხვევა იმაზეც მეტყველებს, რომ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზები იყენებენ, მაგრამ ადგილობრივი მედია ამაზე არაფერს ამბობს. ეს თემა საჯაროდ არ განიხილება. ეს პირველ რიგში, მედიის პრობლემაზე მიუთითებს.

აფხაზ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შეუძლიათ საქართველოზე შექმნილი ტაბუ დაანგრიონ. ომის დასრულებიდან 26 წელი გავიდა. უკვე დიდი ხანია აღარ არის საჭირო საქართველოსგან და ქართველისგან მტრის ხატის შექმნა. იგივე რეფერალური პროგრამის პოპულარიზაცია სულაც არ უქმნის საფრთხეს არც აფხაზურ ენას, არც მათ იდენტობას, კულტურას. საზოგადოებაში არსებული წარმოსახვითი ფობიები მხოლოდ სუსტი და არაეფექტური პოლიტიკური ელიტების ინტერესებშია, რადგან ამ გზით ისინი ადამიანებს აშინებენ და აკონტროლებენ. ამის დიდი გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა.

ნდობის აღდგენა ორმხრივი პროცესია. აფხაზური საზოგადოება, მედიის სახით, თანამშრომლობისა და შერიგების სურვილს არათუ ავლენს, ის საქართველოს უბრალოდ ვერ ან არ ხედავს. როდემდე შეიძლება მსგავსი თვითიზოლაციის გაგრძელება? ვფიქრობ აფხაზურ მედიას შეუძლია სურათი შეცვალოს: დაასრულოს 26 წლის წინ დასრულებული ომი და აჩვენოს აფხაზურ საზოგადოებას, რომ მუდმივად წარსულით ცხოვრება შეუძლებელია. მომავალზე, თანამშრომლობაზე საუბრის ნაცვლად დუმილი მხოლოდ კონფლიქტსა და სიძულვილს უწყობს ხელს. სიძულვილმა კი უკვე არაერთხელ აჩვენა – ის არავისთვის არ არის მომგებიანი.


მასალების გადაბეჭდვის წესი