“ჩვენთან უკვე სამი სეზონი გავიდა და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტმა არხზე საკუთარი თავი ამოწურა”, – უთხრა ნეტგაზეთს GDS-ის პრესსამსახურის უფროსმა თათა ძმანაშვილმა.
მისი თქმით, ტელეკომპანია GDS-სა და “იმედს” შორის არავითარ მოლაპარაკებები არ გამართულა პროექტის ტირაჟირების უფლებების გადაცემასთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივად მოხდა – GDS-მა კომპანიას, რომელიც ზემოხსენებული მუსიკალური შოუს გავრცელების უფლებებს ფლობს, კონტრაქტი აღარ გაუგრძელა:
“ამის შემდეგ კომპანია “ენდემოლმა” პროექტი შესთავაზა “იმედს” და მათ იყიდეს ამ პროექტის საკუთარ არხზე გაშვების უფლება”, – ამბობს ძმანაშვილი.
რატომ აღარ სურდა GDS-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, ზემოხსენებული პროექტის საკუთარ ეთერში გაშვება? თათა ძმანაშვილი ამბობს, რომ შოუს რეიტინგი არაფერ შუაშია, თუმცა ის ამ კითხვაზე არც სხვა პასუხi გაგვცა:
“მივხვდით, რომ ამოწურა საკუთარი თავი. რეიტინგი დაეცა არა. უბრალოდ, ასე გადაწყვიტეს, რომ აღარ უნდა გასულიყო. სხვა კონკრეტულ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ GDS რომელიმე მუსიკალური შოუს თავის ეთერში გაშვებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
მუსიკალური შოუ “ერთი-ერთში” ჰოლანდიური კომპანია “ენდემოლის” მიერ შექმნილი კონკურსის ტიპის საერთაშორისო პროექტია. მისი ორიგინალური დასახელებაა Your Face Sounds Familiar და მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანაში გადის. შოუს კონკურსანტები ერთიმეორეს ცნობილი მუსიკოსებისა თუ არტისტების იმიტაციაში ეჯიბრებიან.
“იმედზე” ამ შოუს მთავარი პროდიუსერი გვანცა კილასონიაა, რომელიც ამ პროექტზე GDS-ზეც მუშაობდა სამი სეზონის განმავლობაში. კილასონიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ პროექტზე სამუშაოდ GDS-იდან იმედზე მხოლოდ ის გადავიდა, გუნდის გარეშე. მისი თქმით, “იმედზე” შოუს წამყვანები დუტა სხირტლაძე და ილო ბეროშვილი იქნებიან, რომლებიც მაყურებლის ნაწილს პრომოებიდან გამომდინარე კონკურსანტები ეგონათ, თუმცა პროდიუსერი ამ ცნობას არ ადასტურებს.
რაც შეეხება კონკურსანტებს, კილასონია მათ ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ მაყურებელი იმედის ეთერით ამ ინფორმაციას რამდენიმე დღეში შეიტყობს. მისი თქმით, სულ 8 კონკურსანტი იქნება, რომლებიც, ჯამში, 10 ლაივშოუს გამართავენ. გამარჯვებული იქნება ერთი კონკურსანტი, ხოლო საპრიზო ადგილზე გავა საუკეთესო ოთხეული.





