ღონისძიების ფარგლებში, დღესვე სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად პრესკონფერენცია, სლოგანით “აცერი და დაიცავი” გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თბილისის მერიის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები დაესწრებიან.
საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს.
წინასწარი ინფორმაციით, იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).
კვირეულის განმავლობაში, როგორც ცენტრში აცხადებენ, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
“2013 წელს საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო და დღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისათვის, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადაჭარბა, აქედან 4 დასრულდა ლეტალურად. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა მხოლოდ კონტინგენტის 8,6%”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზით, მხოლოდ 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი.





