მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მხარდაჭერას უცხადებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს.

განცხადებაში, რომელსაც ლომჯარია ფეისბუკზე აქვეყნებს, ომბუდსმენი წერს: “ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში“.  მისი დაკვირვებით, ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

“არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან…).

მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის.

მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი“, – წერს სახლხო დამცველი.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან