ახალი ამბები

ომბუდსმენმა კომპანიაში სტაჟიორზე სექსუალური შევიწროება დაადგინა

1 ნოემბერი, 2019 • 904
ომბუდსმენმა კომპანიაში სტაჟიორზე სექსუალური შევიწროება დაადგინა

საქართვლოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, განმცხადებელი კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას და მისი მითითებით, მისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

ომბუდსმენის თქმით, განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია საკმარისი არ აღმოჩნდა წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად:

“საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა გამოკითხვის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიოჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შემავიწროებელს, მომავალში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო.

ასევე, სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი