ახალი ამბები

აქტივისტის „პიდარასტად“ მოხსენიებისთვის პოლიტიკოსი 500 ლარით დააჯარიმეს – თანასწორობის მოძრაობა

31 ოქტომბერი, 2019 • 1802
აქტივისტის „პიდარასტად“ მოხსენიებისთვის პოლიტიკოსი 500 ლარით დააჯარიმეს – თანასწორობის მოძრაობა

ქვიარ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ იუწყება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრ ბესიკ დანელიას ქვიარ უფლებათა აქტივისტ ლევან ბერიანიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის მატერიალურად ანაზღაურების მიზნით 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი კოპალიანის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბესიკ დანელია მხოლოდ 1 ლარით ჯარიმდებოდა.

ბესიკ დანელიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით ქვიარ უფლებათა აქტივისტი, „თანასწორობის მოძრაობის“ ყოფილი დირექტორი ლევან ბერიანიძე ჰომოფობიური რეპლიკით — „პიდარასტი“ — მოიხსენია.

ლევან ბერიანიძემ სასამართლოს მიმართა და პოლიტიკოსის 1 ლარით დაჯარიმების შემდეგ სააპელაციო სასამართლოშიც გააგრძელა დავა, რადგან „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ახალისებდა ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებს, ხოლო ლგბტ ადამიანებს უკარგავდა მოტივაციას, დარღვეული კანონიერი უფლებისა და ინტერესის დასაცავად მიემართათ სასამართლოსთვის“.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა „თანასწორობის მოძრაობის“ არგუმენტები და დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ექნებოდა შემაკავებელი ხასიათი და მეტიც, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია წამახალისებელიც კი გამხდარიყო ჰომოფობიურად განწყობილი პირებისათვის, რადგანაც 1 ლარის დაკისრებით მოპასუხე, ფაქტობრივად, გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან. ეს ნათლად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ბესიკ დანელიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ  კვლავ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლითაც ლგბტ ადამიანებს შეეძლებათ კანონით დადგენილი წესით ეფექტიანად დაიცვან საკუთარი პატივი და ღირსება შელახვისგან.  ამასთან, მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება ერთგვარი შემაკავებელი ხასიათი ჰომო- და ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანებისთვის“, — წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი