ახალი ამბები

როცა მის ავტორიტეტს ემუქრებიან, პატრიარქმა შეწყალება აღარ იცის – თეოლოგი 

31 ოქტომბერი, 2019 • 3107
როცა მის ავტორიტეტს ემუქრებიან, პატრიარქმა შეწყალება აღარ იცის – თეოლოგი 

“რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” თავმჯდომარე და თეოლოგი ზვიად ცაბაძე უმძიმესს უწოდებს სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას, როდესაც, მისი შეფასებით, მღვდელმთავართა უმრავლესობა სიმართლის მხარეს არ დადგა.

“მღვდელმთავართა უმრავლესობა დაუპირისპირდა მეუფე პეტრეს, რომელსაც, ჩემი აზრით, სიმართლის გარდა, საპატრიარქოში შექმნილ ვითარებაზე არაფერი უსაუბრია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მღვდელმთავრები სიმართლის მხარეს არ დგანან, ისინი კათოლიკოს-პატრიარქის პირადი სურვილების აღსრულებაზე არიან ორიენტირებული”, – განუცხადა ცაბაძემ “ნეტგაზეთს”.

ცაბაძის თქმით, მას არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს ან დაადასტუროს პეტრე ცაავას ბრალდება პატრიარქის მიმართ.

“მოარული ხმები აქამდეც იყო, ბევრი ადამიანი საუბრობდა, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ამის თქმა გაგვიჭირდება”, – აღნიშნა ცაბაძემ.

თეოლოგი ელოდება, რომ პეტრე ცაავას გარდა, სხვა სასულიერო პირებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრებენ, ვინაიდან სინოდში პროცესები სამართლიანად არ წარიმართება.

ზვიად ცაბაძე  ვარაუდობს, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის მიერ ქორესპისკოპოსის თანამდებობისა და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს დატოვება განპირობებული იყო იმითაც, რომ პეტრე ცაავას “განეიტრალება” გაემართლებინათ.

“იაკობმა ბრალდებები წაუყენა სახელმწიფოს და კონკრეტულ მღვდელმთავრებს, ასევე, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი სიტყვებით გამოვიდა. მეორე დღეს მან მოინანია მხოლოდ ფორმა და არ მოუნანიებია უმძიმესი  ბრალდებები, ყოველ შემთხვევაში- საჯაროდ. ასევე, ნებაყოფლობით გადადგა ქორეპისკოპოსობიდან და საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ეს არ ჩაუთვლია სასჯელად. ამის შემდეგ სინოდის სხდომა გაიმართა და მღვდელმთავრები ამბობენ, მან მოინანია, მაგრამ გაურკვეველია, რა? – შეუფერებელი ლექსიკა თუ ის ბრალდებები, რაც მთავრობას და სხვა პირებს წაუყენა. თუ ეს არ მოინანია, ნიშნავს, რომ საქმე ღიაა და ტყუილი უთქვამს?

ჩემი დაკვირვებით, მეუფე იაკობი სწორედ იმიტომ გადადგა თანამდებობებიდან, რომ მეუფე პეტრესთვის მსახურების აკრძალვა იმდენად სავალალოდ აღარ წარმოჩენილიყო, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდებოდა.  საპატრიარქო ახლა ამბობს, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც საკუთარი ნებით გადადგა და დაისაჯა და აგერ მეორეც, რომელმაც ეს არ გააკეთა. მეუფე პეტრეს განეიტრალების გამართლება უნდოდათ.  შეიძლება ეს იყო დაგეგმილი იაკობის მიერ საპატრიარქოსთან ერთად, ან არც იყო”, – განაცხადა ცაბაძემ.

მისი თქმით, მთავარეპისკოპოს იაკობს პატრიარქის მიმართ კრიტიკული არაფერი უთქვამს, განსხვავებით პეტრესგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ პატრიარქმა ამ ორ მღვდელმთავარს შორის რეალურად სწორედ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დასაჯა.

“პატრიარქის თვისებაა ეს, რომ  თუ მას და მის ავტორიტეტს რამე ან  ვინმე საფრთხეს უქმნის, იქ უკვე შეწყალება აღარ იცის”, – დასძინა ზვიად ცაბაძემ.

“მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი…” – პეტრე ცაავა ილია მეორეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი