პროკურატურის ცნობით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას, თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან.
“გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება”, – აცხადებენ პორკურატურაში, რის გამოც გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.





