აქციის იდეა ეკუთვნის და ორგანიზატორია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია), რომელსაც სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემს, არამედ ნებიმიერ ადამიანს, რომელსაც ISIS-ის რეპრესიები შეეხო.

აქციაზე დაანთეს სანთლები. მრგვალ ბაღში შეკრებილებმა მოიტანეს სათამაშოები, რაც არის სიმბოლო იმ ნივთებისა, ვისი პატრონებიც ISIS-ის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.
აქციის მონაწილეებმა ასევე გამოფინეს ტრანსპარანტები: “არა გენოციდს”; “დაიცავით სიცოცხლე”; “სისასტიკეს რელიგია არ აქვს;” “მთავარი ღირებულება ადამიანია”.

“მთავარი გზავნილი ამ აქციის არის ის, რომ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ქართველები ვდგავართ ამ ადამინების გვერდით და ვდგავართ, პირველ რიგში, ჩვენი ღირებულება რაც არის – ადამიანი. მსოფლიოს საგანგაშო სიგნალს ვუგზავნით, რომ დაიცვან ადამიანები და გაუფრთხილდნენ მათ სიცოცხლეს, ღირსებას და ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ. სისასტიკეს არ აქვს რელიგია და რელიგიით მანიპულირება არ უნდა მოხდეს” – განუცხადა “ნეტგაზეთს” საიას იურისტმა ნინო ბაღაშვილმა.

მისი თქმით, ეს აქცია მრგვალ ბაღთან გაიმართა იმიტომ, რომ აქვე მდებარეობს გაეროს ოფისი, ეს ორგანიზაცია იბრძვის მშვიდობისთვის და აქციის მონაწილეებს სურთ თავიანთი პოზიცია მთელ მსოფლიოს ამცნონ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, “ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და საზრუნავი, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს ამ ბოროტების შეჩერება. ჩვენ რაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ. ასევე, საპატრიარქომ და რელიგიურმა ორგანიზაციებმა და საზოგადოებამ. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას დევნილთა მიმართ”.

ISIS-ის (ისლამური სახელმწიფო ტერორისტული გაერთანება) მიერ დევნილების მხარდასაჭერად აქციაში სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: საია, IDFI-ი, “იდენტობა” და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.






