ახალი ამბები

პრობლემა არა ჰომოსექსუალობა, არამედ ეკლესიის მიერ ამ ჯგუფის “ტაბურეტკებით” დევნაა – უგულავა

31 ოქტომბერი, 2019 • 1001
პრობლემა არა ჰომოსექსუალობა, არამედ ეკლესიის მიერ ამ ჯგუფის “ტაბურეტკებით” დევნაა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს და მიტროპოლიტის პოსტიდან გათავისუფლებული პეტრე ცაავას პატრიარქისადმი ბრალდებებს გამოეხმაურა.

უგულავას თქმით, პეტრე ცაავას განცხადებას “მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა”, ის თანამდებობაზე ყოფნის დროს რომ გაკეთებულიყო და არა მღვდელმთავრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

“მე, როგორც ერთი საქართველოს მოქალაქე, მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ. პრობლემა არა ჰომოსექსუალობაა, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესია “ტაბურეტკებით” დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების  წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა”, – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ როგორც იკვეთება, ეს, სულ მცირე, ფარისევლობაა.

“ჩვენ ესქატოლოგიური ბოლო ჟამის მომსწრე ვართ და, როგორც წესი, ინსტიტუტებში, რომლებიც შუასაუკუნეებრივი მეთოდებით იმართებიან, სადაც სიახლე არ ხდება, ასეთი რაღაცები ბოლო ჟამს არის დამახასიათებელი: ინტრიგები, ჩაშვებებები, საშინელი მხილება, დაპატიმრებები და ა.შ. ეს კიდვე ერთხელ მიუთითებს, რომ ეკლესიაში არსებული მართვის ფორმა გასულია ყოველგვარი მომსახურების ზონიდან”, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე.

“მეტსაც გეტყვით, თუ რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული “ეფესბე”, სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ამიტომ კომპლექსურია პრობლემა და კომპლექსურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები”, – განაცხადა უგულავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი