ახალი ამბები

“სახეზეა კატასტროფა, სრული შოკი” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

31 ოქტომბერი, 2019 • 3163
“სახეზეა კატასტროფა, სრული შოკი” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე დღეს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებსა და პეტრე ცაავას განცხადებას კატასტროფულ მდგომარეობად აფასებს. დეკანოზი ამბობს, რომ პრობლემები, რომლებიც საპატრიარქოში დღეს არსებობს, წლების წინაა დაგროვებული, თუმცა, ან დაგვიანებულად ფასდება, ან არასწორად წყდება.

“ჩემთვის არსებითია უფრო მეტად, რომ გამოიკვლიოს საზოგადოებამ მიზეზები, თუ რატომ მივიდა ეკლესია ამ სამარცხვინო მდგომარეობამდე და რატომ ხდება ის, რომ პრობლემები გროვდება და სანამ არ ხდება საშინელი კატასტროფა და დაქცევა – იქამდე არ ხდება მათი გადაჭრა.

ეს ხომ წლობით დაგროვილი უზარმაზარი პრობლემებია… თუნდაც დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი, რომელიც სინოდმა მხოლოდ ამდენი სკანდალისა და გარჩევის შემდეგ დააკმაყოფილა. ეს ხომ შეიძლებოდა 1 წლის წინაც გაკეთებულიყო… “, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე “მთავარის ეთერში.

რაც შეეხება გამოსავალს, დეკანოზ ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ ერთადერთი გზა საპატრიარქოსთვის ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად – გაფართოებული საეკლესიო კრებაა.

“არა ამდაგვარი წმინდა სინოდის შეკრება, რომელიც 2 დღეში იკრიბება და წევრებმა, როგორც წესი, არ იციან განსახილველი საკითხები დარბაზში შესვლამდე, არამედ საეკლესიო კრება, როელიც რამდენიმე დღისა და შეიძლება თვეების მანძილზე გაგრძელდეს… კრება, სადაც საკითხები იქნება სრულყოფილად შესწავლილი და შეფასებული.

სადაც კრებას დაესწრებიან არა მხოლოდ ეპისკოპოსები, არამედ მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები, სასულიერო სასწავლებელთა წარმომადგენლები – როგორც ამას აწესებს საქართველოს ეკლესიის დებულება“, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მისი ახსნით, ეკლესია არ არის მხოლოდ ეპისკოპოსები, არამედ არის სხვადასხვა ადამიანების ერთობა და ყველა მათგანის ხმა მნიშვნელოვანია.

“სინოდი, რომელიც წელს პირველად შეიკრიბა და ასეთი სკანდალის ფონზე შედგა – ეს მეტყველებს მთლიანობაში საქართველოს ეკლესიის უდიდეს კრიზისზე, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება არის ერთადერთი აუცილებელი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ამ მდგომარეობიდან ეკლესიის გამოყვანა. რადგან მეუფე პეტრეს განკვეთა ვერ უშველის საქმეს, ეს პირიქით დაამძიმებს მდგომარეობას, საპატრიარქოს იმიჯს, პატრიარქის სახელსაც, ეს არ უშველის ეკლესიას და არ შეეწევა მას.

ეს მე მიმაჩნია ფუნდამენტურ საკითხად, რომ მეუფეს პეტრეს განკვეთა არათუ პრობლემებიდან გამოიყვანს ეკლესიას, არამედ უფრო მეტ პრობლემას და უფრო მეტ საშინელ მდგომარეობას დააფიქსირებს. ამიტომ, გავიმეორებ, ერთადერთი გამოსავალია საეკლესიო კრება, რომელიც დაწვრილებით გადაწყვეტს საეკლესიო პრობლემებს“, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

დღეს, 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის შემდეგაც მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი