ახალი ამბები

ვინ მიიღებს ახალ მედიკამენტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ

17 აპრილი, 2015 • • 1054
ვინ მიიღებს ახალ მედიკამენტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, არსებობს ღვიძლის დაზიანების რამდენიმე კატეგორია, რომელთა შემთხვევაში პაციენტების პროგრამაში დაუყოვნებლივი ჩართვა მოხდება.

 

“პაციენტები ღვიძლის კომპენსირებული ციროზით, ღვიძლის დაზიანებით, ღვიძლის შორსწასული ფიბროზით, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით, პაციენტები, რომლებიც არიან ტრასნპლანტაციის კანდიდატები, ასევე პაციენტები, ვისაც ტრანსპლანტაცია უკვე გაკეთებული აქვთ”, – ამბობს კვარაცხელია.

 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზევე მოხდება აივ ინფექციის მქონე მოქალაქეთა ჩართვაც. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მოეწერება ხელი ამერიკულ კომპანია “გილეადსა” და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს პრეპარატ სოფოსბუვირით იმკურნალონ C ჰეპატიტი.

 

“ეს ხელშეკრულება საშუალებას მოგვცემს ეს უნიკალური პრეპარატი ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შევიძინოთ და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს იმ პრეპარატით იმკურნალონ, რომლით მკურნალობაზეც მსოფლიოში ოცნებობენ”. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, პაციენტების რეგისტრაცია 21 აპრილის შემდეგ დაიწყება.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, პაციენტები დარეგისტრირდებიან სოციალურ სააგენტოებში.

 

“პაციენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და ფორმა 100, სადაც აღწერილი იქნება ის ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც აუცილებელია პროგრამაში ჩასართავად”.  

 

რაც შეეხება პრეპარატის ფასს, ვალიერი კვარაცხელია ამბობს, რომ ფასი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასაჯაროვდება.

 

“ჩვენ ვიცით, რაც ეღირება, მაგრამ პარტნიორების გარეშე ამ საკითხზე ჯერ არ ვსაუბრობთ. ეს გამოცხადდება 21 აპრილს. კდიევ ვიმეორებ, ის იქნება უკიდურესად ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის”.

 

მინისტრის მოადგილემ დაავადების დიაგნოსტიკის ხარჯებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დიაგნოსტიკა უფასო იქნება [70%-ს გაიღებს სახელმწიფო, 30%-ს ადგილობრივი თვითმმართველობები]. სხვა კეტეგორიის პაციენტების შემთხვევაში კი, 70%-ს პაციენტი თავად გადაიხდის და 30%-ს სახელმწიფო დააფინანსებს.

 

პირველ ეტაპზე მკურნალობას 5 ათასი პაციენტი დაიწყებს. მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა კი სამინისტროს მიერ შერჩეულ სერვისცენტრებში მოხდება.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარებით ამერიკულ, “სოფოსბუვირის” მწარმოებელ კომპანია “გილეადთან” მოლაპარაკებები გამართა და, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, ქართულმა მხარემ დაარწმუნა კომპანია, რომ უახლესი მედიკამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დაბალ ფასად მიეწოდებინა.

 

“ჩვენ დავარწმუნეთ ეს კომპანია, რომ შევძლებთ გავხდეთ პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება”, – ამბობს კვარაცხელია.

 

ჰეპატოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, 94%-ში “სოფოსბუვირი” ეფექტურია მკურნალობისთვის და პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირიანი იქნება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი