როგორც IDFI წერს, პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება. IDFI-ს ცნობით, საქართველოს პროკურატურამ საზღვარგარეთის სამართალდამცავებს ძებნილ პირთა ექსტრადაციის შუამდგომლობით 2010 წელს 59-ჯერ მიმართა, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს – 53.1%, 2014 წელს – 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში – 9,1%.
პროკურატურა აცხადებს, რომ IDFI-მ თანამშრომლობის წარუმატებლობის მთავარ ინდიკატორად გამოიყენა ის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ დადებითად გადაწყვეტილი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობას. გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ IDFI-ს დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით. ასევე, პროკურატურის განცხადებით, IDFI დასკვნის გაკეთების დროს არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარის მიზეზი.
IDFI-ს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, პროკურატურა 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე მდგომარეობით საზღვარგარეთ გაგზავნილი ექსტრადიციების შესახებ შუამდგომლობების სტატისტიკას აქვეყნებს:

გარდა ამისა, პროკურატურა განმარტავს, რომ ძებნილ პირთა მიმართ წარმოებული საექსტრადიციო პროცედურები დროში საკმაოდ გაწელილია და შესაძლოა თვეობით და ხშირ შემთხვევაში, წლობითაც გაგრძელდეს. ამის მიზეზს წარმოადგენს უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული საექსტრადიციო პროცედურების ვადები და ასევე ის ფაქტი, რომ შესაძლოა ძებნილი პირი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იყოს მიცემული ან იხდიდეს სასჯელს იმავე სახელმწიფოში ჩადენილი დანაშაულის გამო.
”შესაბამისად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, გასული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილებული ექსტრადიციის შუამდგომლობათა რაოდენობა გაცილებით მაღალია ყოველ შემდგომ წელთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოო მაჩვენებელზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის შესახებ,”- აცხადებს პროკურატურა.




