ახალი ამბები

აეკრძალებათ თუ არა ექიმებს 2-ზე მეტ კლინიკაში მუშაობა? – მინისტრის მოადგილის განმარტება

29 ოქტომბერი, 2019 • 1193
აეკრძალებათ თუ არა ექიმებს 2-ზე მეტ კლინიკაში მუშაობა? – მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია უარყოფს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციაზე, რომელიც ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობას აუკრძალავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შესაბამისი რეგულაცია შეიქმნას.

ექიმებისთვის ორზე მეტ კლინიკაში მუშაობის აკრძალვის შესაძლებლობაზე გაბუნიამ მანამდე “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა. გაბუნიას თქმით, “აღნიშნული შეეხებოდა მაგალითს”.

“მაგალითად, დღეს პერინატალური მომსახურების პროგრამაში ბევრი პერსონალი მუშაობს რამდენიმე ადგილზე, რაც არ არის კარგი პრაქტიკა. ამდენად ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ექიმი, როდესაც სელექტიური კონტრაქტირების პირობებში კონტრაქტს იღებს იმის გამო, რომ მუშაობს კონკრეტულ დაწესებულებაში, რამდენიმე ადგილზე არ უნდა მუშაობდეს იმგვარად, რომ პაციენტის ჯანმრთელობისთვის შეიქმნას რისკი ამ ექიმის დროში დაგვიანებული გადაადგილების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ რაღაც რეგულაცია ამოქმედდება, რომელიც დააწესებს რეგულაციას სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში”, – განუცხადა გაბუნიამ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში მოხდება გარკვეული მოთხოვნების განსაზღვრა კლინიკებისთვის.

“თუ კლინიკა დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში ექნება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავაკონკრეტოთ ხარისხობრივი მოთხოვნები და გასაგები გახდეს პროგრამა როგორც მიმწოდებლებისთვის, ასევე, პაციენტებისთვის და ჩვენთვისაც, რომ ვიცოდეთ, რაში ვიხდით სახელმწიფო თანხებს… ექიმებისთვის ორზე მეტ სამსახურში მუშაობის აკრძალვის მოთხოვნაზე დღეს საუბარი არ არის და არც ყოფილა. ამ ტიპის მოთხოვნა, რამდენ კლინიკაში იმუშავებს ექიმი, არცერთ რეგულაციაში არ წერია. ეს შეიძლება დარეგულირდეს კანონის დონეზე – ვინ, სად, რამდენ ადგილზე, რამდენ საათში ერთხელ იმუშავებს და რა ვადით… თუ შრომის კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნება ამის შესაფერისი რეგულაცია და ასევე ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ექიმის დასაქმებამ ძალიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა ადგილზე ხარისხის საფრთხე შექმნას, რა თქმა უნდა, ეს საკითხიც განხილვის საგანია”, – განაცხადა გაბუნიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს “შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, რისკის შემცველი სამსახურის შემთხვევებში დასაქმებულს, შესაძლოა, ორ სამსახურში მუშაობა აეკრძალოს. სამუშაოების ჩამონათვალი, სადაც დასაქმებულის გადატვირთულობა საფრთხეს უქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, კანონპროექტის ავტორების ხედვით, შემდეგში უკვე შესაბამისმა სამინისტრომ ან მთავრობამ უნდა განსაზღვროს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ექიმები მოხვდნენ აღნიშნულ ჩამონათვალში, გაბუნია პასუხობს:

“ვერ გეტყვით. ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ამან კიდევ სხვა ტიპის გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, გავეშვათ ამ თემას ამ ეტაპზე და როცა დადგება კონკრეტული საკითხი, მაშინ ვისაუბროთ”.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი