ახალი ამბები

აბასთუმანში ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია – ივანიშვილი

29 ოქტომბერი, 2019 • 1967
აბასთუმანში ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, აბასთუმნში კერძოს სექტორის მიერ განხორციელებულმა ჯამურმა ინვეტსიციამ  მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ ღია წერილში წერს, სადაც წყალტუბოს განვითარების პროექტის დაწყებას აანონსებს საკუთარი სახსრებით.

ივანიშვილის თქმით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

“ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა სახელმწიფოსაც სჭირდება თანადგომა და ვინაიდან მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას აბასთუმანში პირადი სახსრებით ვახორციელებ”, – წერს ივანიშვილი.

ამავე თემაზე

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი