ახალი ამბები

„შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა“ – გირჩის აქცია ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ

29 ოქტომბერი, 2019 • 1926
„შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა“ – გირჩის აქცია ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ

„გირჩის“ ლიდერები, წევრები და პარტიის ინიაციატივით შექმნილი „შმაქსის“ მძღოლები რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას მართავენ ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ.

როგორც “გირჩის” წევრი, ჰერმან საბო “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამ შაბათ-კვირას პოლიციამ დაახლოებით 12 “შმაქსისტი” ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დააჯარიმა. “გირჩში” ფიქრობენ, რომ ამ გზით შსს ცდილობს ადამიანებს განწყობა შეუქმნას, რომ “შმაქსისტებს” აჯარიმებენ, რისი მიზანიც მათი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პრევენციაა:

“ამ შაბათ-კვირას დაახლოებით 12 “შმაქსისტი” დააჯარიმეს. უმეტესი შემთხვევა იყო, როდესაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, უბრალოდ, აჩერებდნენ და აჯარიმებდნენ ამ ადამიანებს.

უფრო მეტი შემთხვევა იყო, როცა გააჩერეს და ვერ დააჯარიმეს. პოლიცია ცდილობს დისკომფორტი შეუქმნას “შმაქსისტებს” და განწყობა შექმნას, თითქოს ისინი ჯარიმდებიან, რათა ადამიანები არ მოვიდნენ და არ გაწევრიანდნენ ამ კომპანიაში”, – ამბობს ჰერმან საბო.

ერთ-ერთი დაჯარიმებული მძღოლი დათო ჯიქურაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ტაქსის მძღოლად დაახლოებით 20 წელი მუშაობდა. ტაქსების რეფორმის შემდეგ კი, ვინაირან მისი მანქანა მარჯვენასაჭიანია, მგზავრების ქუჩაში აყვანა შეეზღუდა და “შმაქსში” გაწევრიანება გადაწყვიტა:

“მე დამაჯარიმეს გუშინ 200 ლარით. ლიცენზიის არქონის გამო, ფერზე არაფერი არ უთქვამთ. ტაქსზე ვმუშაობ დაახლოებით 20 წელია. არცერთ მთავრიბას ასე არ გაუკეთებია, ყველაფერს სათავისოდ აკეთებენ. გხდიან იძულებულს, საკუთარ საქმეს თავი დაანებო”, – ამბობს ჯიქურაშვილი.

„გირჩის“ თანახმად, დღევანდელ აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:

  • „შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა“;
  • „გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;
  • „გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა“;

„შმაქსი“ 2019 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეგულაციების პასუხად.

„გირჩის“ თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის 500-ზე მეტი შმაქსისტია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი