ახალი ამბები

“მერიდიანმა” ანაკლიის პორტისთვის თავისი კანდიდატურის განხილვის შეჩერება მოითხოვა – სამინისტრო

29 ოქტომბერი, 2019 • 1004
“მერიდიანმა” ანაკლიის პორტისთვის თავისი კანდიდატურის განხილვის შეჩერება მოითხოვა – სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, “მერიდიანმა”, რომელსაც ანაკლიის პროექტში Conti International უნდა ჩაენაცვლებინა, მთავრობას სთხოვა, თავისი კანდიდატურის განხილვა შეეჩერებინა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზეზად კომპანიამ ამ პროექტისთვის არასაკმარისი რესურსები დაასახელა.

“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა კომპანია Meridian Capital NL B.V.

Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვეტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით. 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება”, – წერია სამინისტროს მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებულ განაცხადებაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობითვე, გაითვალისწინეს “მერიდიანის” თხოვნა, შესაბამისად, მისი კანდიდატურა პროექტის ინვესტორად აღარ განიხილება:

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას, მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს, მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.”

Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს, 29 ოქტომბერს ეწურებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი