IDFI-ის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოების ძებნილ პირთა ექსტრადაციის შუამდგომლობით 2010 წელს 59-ჯერ მიმართა, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს – 53.1%, 2014 წელს – 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში – 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია ის შუამდგომლობები, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული. ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე – დროებითი უარი.

სქრინშოტი IDFI-ის კვლევიდან
სქრინშოტი IDFI-ის კვლევიდან

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არ დაკმაყოფილდა 8 მათგანი. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 მათგანი არ დაკმაყოფილდა, რომელთაგან, როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ არის განმარტებული, ერთი იმყოფება განხილვის პროცესში. სხვა წლებში საქართველოს პროკურატურის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.


“აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება საკონსულტაციო მომსახურებასა თუ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მომსახურებაზე, როგორც ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები ცხადყოფს, საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებები ნაკლებად შეინიშნება.


IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას აგრეთვე მიმართა 2013-2014 წლებში საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროებისაგან თავი შეიკავა, თუმცა ინსტიტუტს აცნობა, რომ 2013 წელს მსგავსი ხარჯები მათ მიერ არ იყო გაწეული, ხოლო 2014 წელს (იანვარი-ნოემბერი) საკონსულტაციო მომსახურებაზე პროკურატურის მიერ დახარჯულია 354 489 ლარი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საკონსულტაციო მომსახურებაზე დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას საქართველოს პროკურატურამ თავი აარიდა, ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარჯი სავარაუდოდ დაკავშირებულია საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის საქმიანობასთან, რომელიც, როგორც საქართველოს პროკურატურა საკუთარ პასუხში აღნიშნავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფინანსდება 35 000 აშშ დოლარის ოდენობით”, – ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *