Islam is the Only true religion.. Accept that we’re not terrorists… I Am muslim and I’m proud to Be (ისლამი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, მე მუსლიმი ვარ და ვამაყობ ამით) – ეს წარწერა ჩნდება, როდესაც ვებ-გვერდზე შედიხართ, ფონად კი ისლამური საგალობელი ისმის.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ:
“ეს არის საიტი, სადაც ჩვენი ორგანიზაციის შესახებაა ინფორმაცია ქართულ-ინგლისურ ენაზე და ამავე დროს ჩვენი პროდუქტია განთავსებული, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით, ჩვენი დონორების შესახებ ინფორმაცია. მოკლედ ორგანიზაციული საიტია. დღეს დილით, როცა ინფორმაცია უნდა განგვეახლებინა, ვნახეთ, რომ იყო ასეთი ამბავი. ახლა ვცდილობთ დავაზუსტოთ, კავკასუს ონლაინის მომსახურეობით ვსარგებლობთ ამ საიტზე კონკრეტულად. გვითხრეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენს საიტთან შექმნილი პრობლემა ამ დროისთვის და არა სხვა საიტებზე. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელია სერვერი გაეტეხათ. აღმოჩნდა, რომ სერვერს, როგორც გვითხრეს, ყოველ შემთხვევაში, არანაირი ზიანი არ აქვს მიღებული. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, ვინ და როდის შემოაღწია, რომელი IP-დან. ეს მონაცემები რომ გვექნება, შემდეგ გადავწყვეტთ, ვის მივმართავთ,”- ამბობს მთივლიშვილი.
მისივე თქმით, მომხდარს ცალსახად ვერაფერს უკავშირებს და მტკიცებით ფორმაში საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით უჭირს, თუმცა “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” (ქსელი ერთ-ერთი წევრი) ბოლო დროს აქტიურად აშუქებდა სირიაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში პანკის ხეობიდან მოქალაქეების წასვლის საკითხს, მათ შორის არასრულწლოვნებისაც.
“არ ვუკავშირებ ასე ცალსახად არაფერს, მაგრამ უბრალოდ რაღაც კავშირს ვხედავ. მტკიცებით ფორმაში მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ შეიძლება ეს იყო პროვოცირების მიზნით გაკეთებული, მაგრამ, რადგან იქ წერია, ნუ გვეძახით ტერორისტებს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა-იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვაქტიურობთ პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყურადღება არ მოგვიდუნებია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს სახელმწიფო ინსტიტუტები პრობლემებს რომ უქმნიდნენ და თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ვაქვეყნებდით ისეთ მასალებს, რომლითაც პრაქტიკულად გვიხდებოდა დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სხვა უწყებებთან. ჩვენ არავისთვის ტერორისტი არ გვიწოდებია, თუ ის ტერორისტი არაა კანონით დადგენილი წესით. ასე რომ, ამ პრეზტენზიას ვერ მივიღებ ვერავისგან”, – ამბობს მთივლიშვილი.
ამჟამად [13:48] ვებ-გვერდის გასასწორებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მუსიკა უკვე გათიშულია. გელა მთივლიშვილის ცნობით, ვებ-გვერდის ადმინი გატეხილია.





