ახალი ამბები

აკუნინი, ალექსეივიჩი, ზვიაგინცევი და სხვები ისტორიკოს დმიტრიევის გათავისუფლებას ითხოვენ

28 ოქტომბერი, 2019 • 1072
აკუნინი, ალექსეივიჩი, ზვიაგინცევი და სხვები ისტორიკოს დმიტრიევის გათავისუფლებას ითხოვენ

200-ზე მეტი მწერალი, რეჟისორი, მსახიობი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ისტორიკოს იური დმიტრიევის წინააღმდეგ.

დმიტრიევი — რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ კარელიის ბიუროს ხელმძღვანელი — თავდაპირველად ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, თუმცა 2018 წლის შემდეგ იარაღის ფლობის ბრალდება აქვს წაყენებული. ის ახლაც პატიმრობაშია.

წერილს დმიტრიევის გათავისუფლების მოთხოვნით, სხვებთნ ერთად, ხელს აწერენ გამოჩენილი ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, მუსიკოსები — როკ-ჯგუფ „აკვარიუმის“ ლიდერი ბორის გრებენშიკოვი და „დროის მანქანის“ (Машина времени) ანდრეი მაკარoვიჩი, მსახიობი მიხაილ ეფრემოვი, მწერალი ბორის აკუნინი, ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი.

იური დმიტრიევი 2016 წლის დეკემბერში დააკავეს გერისთვის პორნოგრაფიული ფოტოების გადაღების ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს. 2017 წლის დეკემბერში სასამართლოს მიერ დანიშნულმა მეორე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისi გერის ფოტოები „პორნოგრაფიის ელემენტს არ შეიცავდა და, ბრალდებულის განცხადების შესაბამისად, გადაღებული იყო ავადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობის შესამოწმებლად“.

ფსიქიატრიული გამოკვლევის შემდეგ, ისტორიკოსი 2018 წლის იანვარში ციხიდან გამოუშვეს იმ პირობით, რომ ქალაქ პეტროზავოდსკს არ დატოვებდა, თუმცა ბრალდება არ მოუხსნიათ. 2018 წლის 5 აპრილს მას ორი ბრალდება მოუხსნეს, რომლებიც გერის ფოტოებს ეხებოდა, თუმცა ბრალდებულად ცნეს სხვა ბრალდებაში — იარაღის ფლობაში.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ კიდევ სამთვიანი თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯეს, რაც ნიშნავდა, რომ კვირაში ორჯერ უნდა მისულიყო ქალაქის ციხეში. თუმცა 2018 წლის ინვისში ისევ დააპატიმრეს, მისი გათავისუფლების პირობების დარღვევის ბრალდებით.

წერილის ხელმომწერები მიუთითებენ, რომ რუსულმა მედიამ „აწარმოა ბინძური კამპანია“ დმიტრიევის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც იყო „ისტორიკოსის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება“. მათ თანახმად, დმიტრიევის „განადგურება“ იმიტომ უნდათ, რომ იგი სტანილის დროინდელი დიდი ტერორის მსხვერპლთა საფლავებს ეძებდა და ბრალდება ემსახურება მისი საქმიანობის დისკრედიტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი