ახალი ამბები

არანაირ პარტიულ პოზიციაზე პრეტენზია არ მექნება – ბაჩო ახალაია

28 ოქტომბერი, 2019 • 914
არანაირ პარტიულ პოზიციაზე პრეტენზია არ მექნება – ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ „პარტიული პოლიტიკური გეგმები“ არ აქვს, თუმცა რჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდამჭერად და ამომრჩევლად“.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბაჩო ახალაია, რომელიც მატროსოვის ციხეში იხდის სასჯელს, ამბობს, რომ დანამდვილებით შეუძლია თქვას — პარტიული პოლიტიკური გეგმები არ აქვს. თუმცა ეს, მისი თქმით, „სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის პრიორიტეტები და შეხედულებები“ შეეცვალა.

„რაც შეეხება ციხის შემდეგ ჩემს დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, ისევ ისეთი მხარდამჭერი და ამომრჩეველი დავრჩები, როგორც დღემდე ვიყავი. უფრო სწორად, იმას ვგულისხმობ, რომ გარდა უბრალოდ მხარდაჭერისა და ამომრჩევლისა, არანაირ პარტიულ პოზიციაზე, ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება“, — ამბობს ის ინტერვიუში.

ამასთან, ახალაია ამბობს, რომ „სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში, რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები“ რომ გასჩენოდა, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც, მისი შეფასებით, „სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა“.

„გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან“, — აცხადებს ახალაია.

„რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით, ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე, მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა იმისგათვალისწინება, რომ არანაირი ისეთი ამბიცია არ გამაჩნია, რომელიც კონფლიქტში მოვიდოდა რეალობასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი