დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მარტინ ლიდეგორდი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ევროკომისიის იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელშიც აისახება, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილი:
“ჩვენ, რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ ვიზის ლიბერლაიზაციას. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ. მეორე მხრივ, ეს იქნება კარის გახსნა ქართველი ხალხისთვის ევროკავშირში, მაგრამ ეს გახლავთ პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილება იმ ანგარიშის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რომელიც თქვენ ახსენეთ. დღეს ჩვენ იმედი შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ ეს ანგარიში დამაკმაყოფილებელი იქნება საქართველოსთვის და, რასკვირველია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, მაგრამ მე ანგარიში ჯერ არ მინახავს”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“ყველა ველოდებით რიგის სამიტს და იმედი გვაქვს, რომ საქართველო იგივე გზას გაივლის, რაც მოლდოვამ გაიარა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას და, რასაკვირველია, საქართველოს დავეხმარებით, რომ ის მზად იყოს ამ პროცესისათვის”, – აღნიშნა გჟეგოჟ სხეტინამ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
13- 14 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები- მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვდნენ ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს.
დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ. ბერუჩაშვილის განმარტებით, აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
