“ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდზე აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დააყენა საოკუპაციო ხაზებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე საქართველოს მოქალაქეების დაშვების საკითხი. ჩვენი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მედიატორთა ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, – აცხადებს დონდუა.
მისი თქმით, მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება “ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და მნიშვნელოვნად აფერხებს ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის”.
ოფიციალური ცხინვალის გადაწყვეტილებით, “11-12 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან მოქალაქეთა გადაადგილება შეიზღუდა”.





