ახალი ამბები

ანაკლიის პროექტში “კონტის” დაბრუნების მიუხედავად, “მერიდიანთან” მოლაპარაკება გრძელდება

25 ოქტომბერი, 2019 • 985
ანაკლიის პროექტში “კონტის” დაბრუნების მიუხედავად, “მერიდიანთან” მოლაპარაკება გრძელდება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ “კონტი ჯგუფის” დაბრუნების მიუხედავად, კომპანია “მერიდიანი” ისევ განიხილება პროექტის ერთ-ერთ ინვესტორად.

თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 ოქტომბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ “მერიდიანს” პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა ან უარი უთხრას.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამ ეტაპზე არ ამბობენ, როგორ განაწილდება აქციები ანაკლია ჰოლდინგში, თუ მთავრობა “მერიდიანს” თანხმობას განუცხადებს.

“წილები როგორ დალაგდება, ამ საკითხზე ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ამ პროექტის ინტერესი “მერიდიანს” აქვს და სახელმწიფო მას, როგორც ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორს, განიხილავს.”

კითხვაზე, რა საინვესტიციო თანხით დაბრუნდება Conti International ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში,  კონსორციუმში არ პასუხობენ. შესაბამისად, უცნობია, რა თანხას შეიტანს ამერიკული კომპანია ანაკლიის ჰოლდინის კაპიტალის ნაწილში, რომელიც ჯამში, დაახლოებით 120 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

დღეს, 25 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კონტი ჯგუფმა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა და აქციონერად რჩება.

კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონტი ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში იმავე წილით რჩება, რაც ადრე ჰქონდა:

“როგორც დღეს დავადასტურეთ, კონტი ინთერნეიშენალმა შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო ადრე 42 პროცენტის ფარგლებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან დროულიც.”

მისი თქმით, მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების ცვლილება, ვერ ისაუბრებს და აღნიშნავს, რომ კონტი ჯგუფის დარჩენა პროექტს სხვა პარტნიორების მოზიდვაში დაეხმარება.

2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში
შესასრულებელი შემდეგი ვალდებულებები რჩება:

  • შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;
  • საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

მასალების გადაბეჭდვის წესი