ახალი ამბები

გროზნოს ყოფილი მერი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდა – ვიდეო

25 ოქტომბერი, 2019 • 2458
გროზნოს ყოფილი მერი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდა – ვიდეო

ჩეჩნეთის ტელევიზიამ რამდენიმე დღის წინ აჩვენა კადრები, რომელზეც გროზნოს ყოფილი მერი და რამზან კადიროვის ნათესავი ისლამ კადიროვია აღბეჭდილი. ვიდეოში ჩანს, როგორ ძალადობს ის მოქალაქეებზე, მათ შორის, ქალებზე.

ძალადობისას გროზნოს ყოფილი მერი, ფიზიკურ ძალასთან ერთად, ელექტროშოკს იყენებს ქალებისა და მოხუცებს წინააღმდეგ, რომლებიც, მისივე თქმით, თაღლითობაში ამხილა. სიუჟეტი ეთერში 17 ოქტომბერს გავიდა, რომლის დასაწყისშიც ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს “ფარული კამერით გადაღებული კადრები ან დადგმა არ არის“.

ჩეჩნეთის პროპაგანდისტული ტელევიზია ადამიანებზე ძალადობის კადრების ჩვენებისას აღნიშნავს, რომ ისლამ კადიროვს არაერთი კარგი რამ გაუკეთებია, მათ შორის, გამოასწორა ქალაქის ინფრასტურქტურა და თაღლითურ სქემებში მონაწილე ხალხი დააშინა ან დასაჯა, რითაც კრიმინალი აღკვეთა.

გარდა ქალებზე ძალადობისა, სიუჟეტში კადიროვი ასევე ფიზიკურ შეურცხყოფას აყენებს მოხუცებსაც, რომლებიც, მათი თქმით, კომუნალურ დავალიანებებს არ იხდნიდნენ. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ეს ისლამ კადიროვის დაშინების მეთოდია, რომელიც მათი შეფასებით ეფექტიანია.

ამასთანავე, კადრებში ჩანს, თუ როგორ ემუქრება ერთ-ერთ ქალს კადიროვი მოკვლით, მეორეს კი მის მაგიდაზე არსებულ საკანცელარიო ნივთებს ესვრის. როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში ჰყვება, ამ კადრების უმეტესობა სწორედ კადიროვის სამუშაო კაბინეტში, მისი პირადი ოპერატორების მიერ არის გადაღებულიი.

სიუჟეტში ასევე ნაჩვენები არიან ის ადამიანებიც, რომლებზეც კადიროვი ძალადობს. ისინი კადიროვის მიერ დასახელებულ ბრალს აღიარებენ, ერთ-ერთი მათგანი კი განმარტავს, რომ პოლიციას არ მიმართა, ვინაიდან “ბედნიერი იყო, რომ ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევდა“.

32 წლის ისლამ კადიროვი 2012 წლიდან გროზნოს მერი იყო, 2015 წელს კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2017 წლის შემდეგ მას ჩეჩნეთში მაღალჩინოსნის თანამდებობა აღარ დაუკავებია.

კადრების ეთერში გასვლის შემდეგ მასზე ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანომ სისხლისამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი რამზან კადიროვთან დაპირისპირება გახდა.

Novaya Gazeta წერს, რომ კადრების გავრცელების შემდეგ მოკლვევის დაწყება შესაძლოა არგუნის ყოფილი მერისმ იბრაჰიმ თემირბაევის საქმეს უკავშირდებოდეს. თემირბაევი აგვისტოში დააკავეს და, გამოცემის თქმით, წამების შემდეგ აღიარებინეს, რომ სატელეფონო საუბრებში ის და სხვა რამდენიმე თანამოაზრე რამზან კადიროვის ოჯახს აუგად მოიხსენიებდა.

რადიო თავისუფლების რუსული ბიურო კი “Кавказ.Реалии“-ზე დაყრდნობით წერს, რომ სიუჟეტი ეთერში რამზან კადიროვთან შეთანხმებით გავიდა, მანამდე კი მასზე ვიწრო წრეში მსჯელობდნენ. გამოცემის თანახმად, რამზან კადიროვის მიერ ისლამ კადიროვის “გაწირვამ“ ისეთ მმართველად უნდა წრმოადგინოს, რომელიც უსამართლობის შემთხვევაში თავის ოჯახის წევრებსაც კი სჯის.

მასალების გადაბეჭდვის წესი