ახალი ამბები

ელისაშვილმა მერიასთან ავტობუსებსა და მეტროში შექმნილი ვითარების ამსახველი კადრები მიიტანა

25 ოქტომბერი, 2019 • 704
ელისაშვილმა მერიასთან ავტობუსებსა და მეტროში შექმნილი ვითარების ამსახველი კადრები მიიტანა

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს მერიის შენობასთან ეკრანი მიიტანა, სადაც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ავობუსების გაჩერებებზე და მეტროსადგურებში არსებული ვითარების ამსახველი კადრები გადის.

როგორც ელისაშვილი ამბობს, აქცია-პერფორმანსის მიზანია, ამ გზით მაინც გააცნონ დედაქალაქის მთავრობას თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული ვითარება:

“პრობლემა ამ ქალაქის ისაა, რომ არც მერი, არც მისი მოადგილეები და არც მისი ამალა არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შედეგად, ვერ ხვდები, საერთოდ როგორ მუშაობს ეს ინფრასტრუქტურა. ტელერეპორტაჟით კი არ უნდა იგებდე, რა ხდება მეტროში.

საარჩევნო სიაფანდობისთვის კი არ უნდა დადიოდე მეტროში, იქ რომ ფოტოს გადაგიღებენ, რეალურად უნდა იმ ცხოვრებით ცხოვრობდე, რითაც შენი ქალაქი ცხოვრობს და იმ სერვისით სარგებლობდე, რასაც შენს მოსახლეობას სთავაზობ. როდესაც არ იცი ქალაქის მერმა, რა ხდება ან მიწისქვეშა ტრანსპორტში ან მიწისზედაში, ისეთ რეფორმას ახორციელებ, როგორიც მივიღეთ”, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი კალაძეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავისი გუნდის მიერ მომზადებული სატრანსპორტო გეგმა განახორციელოს:

“მე როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში ვმონაწილეობდი, ჩვენი კამპანიის ყველზე ძლიერი მხარე იყო სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ყველაზე კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დავწერე. როგორც კი არჩევნები დასრულდა, მე კალაძეს მივულოცე და ვუთხარი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აიღე ჩემი სატრანსპორტო გეგმა და განახორციელე-მეთქი.

ეს რომ გაეკეთებინა, მისი მერობის ორი წლისთავზე ეს ჯოჯოხეთი და კოლაფსი არ იქნებოდა, რაც არის დღეს ქალაქში. ის გეგმა ისევ ჰაერში ჰკიდია, თაროზე მაქვს მე და შემიძლია ნებისმიერ დროს გავუგზავნო” ,- ამბობს ელისაშვილი.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ელისაშვილი ამბობს, რომ ვიდეორგოლი ასახავს გუშინ და გუშინწინ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ავტობუსის გაჩერებებსა და მეტროსადგურებში შექმნილ ვითარებას:

“რადგან არ ჩადიან თვითონ და არ იციან, რა ხდება, მე მოვუტანე აგერ, ჩამოვიდნენ და ნახონ”, – ამბობს ელისაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი