ახალი ამბებიკინო

Game Of Thrones ბრუნდება

10 აპრილი, 2015 • • 2282
Game Of Thrones ბრუნდება

GOT-ის ფანები ახალ სეზონს 2014 წლის 15 ივნისიდან ელოდებიან. მე-5 სეზონის პირველ სერიას – The Wars to Come – ეწოდება.

 

 

სერიალის ქართველი მოყვარულები 13 აპრილს, 19:00 საათზე კინოს სახლში დიდ ეკრანზე აპირებენ სერიალის ყურებას

 

“სამეფო კარის თამაშები” ჯორჯ მარტინის ნაწარმოების ეკრანიზაციაა, რომელსაც Time-ის მონაცემებით, წელს მსოფლიოში ყველაზე ხშირად იწერდნენ სხვადასხვა პირატული საიტიდან. სერიალში 9 ოჯახი მითიურ მიწა ვესტეროსზე კონტროლის მოსაპოვებლად სრულმასშტაბიან ომში არიან ჩართული.

 

თითოეულ ოჯახს თავისი სლოგანი აქვს. მაგალითად, ლანისტერების ოჯახის სლოგანია “ლანისტერები ვალში არავის რჩებიან”, თუმცა სტარკების ოჯახის დევიზი – “ზამთარი ახლოვდება” მთელი სერიალის თაგლაინად იქცა. დღეს უკვე სერიალის გულშემატკივრები ამ ფრაზას სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ, თუმცა, როგორც წესი, ზამთრის მოახლოეება განსაცდელის დადგომას მოასწავებს.

 

სერიალის კიდევ ერთი სლოგანია სიტყვები – “all men must die” (ყველა უნდა მოკვდეს), რომელსაც სერიალის შემქმნელები ზედმიწევნით ასრულებენ, GOT-ის თაყვანისმცემლებს თითქმის ყოველ ახალ სერიასთან ერთად საყვარელი პერსონაჟები  ხელიდან ეცლებათ.

 

სერიალის ერთ-ერთი ფანი ზურა ნიკოლაძე ნეტგაზეთთან ყველა იმ მახასიათებელს ასახელებს “სამეფო კარის თამაშებზე” (GOT) საუბრისას, რამაც სერიალების პოპულარობა შეუქცევად პროცესად აქცია:

 

“GOT-ში მოვლენების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია (ყოველ შემთხვევაში მათთვის მაინც, ვისაც მარტინის წიგნი არ აქვს წაკითხული)… არავინ იცის, ვინ არის მთავარი გმირი, ვინ მოკვდება და ასე შემდეგ. სიკეთე და ბოროტებაც საკმაოდ პირობითი მცნებებია, რადგან “კეთილი” და “ბოროტი” პერსონაჟების სახეები ხშირად რადიკალურად იცვლება. ბევრი პოლიტიკა, ორიგინალური პერსონაჟები, მისტიკა, მოულოდნელობის ეფექტი, სექსი და, რაც მთავარია, საინტერესო ამბავი – სხვა რა უნდა უნდოდეს მაყურებელს კარგი სერიალისგან?”, – ამბობს იგი.

 

სერიალის ბოლო ანუ მე-4 სეზონში მოვლენები ტირიონ ლანისტერის ირგვლივ ვითარდება. ბოლო სეზონში მისი ბედი, წინა სეზონებთან შედარებით, რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ პერსონაჟთან დაკავშირებულ შეკითხვაზე – “გაუჭირდა თუ არა ავტორს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, ტირიონის მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა”, ჯორჯ მარტინი პასუხობს:

 

“თუ პერსონაჟი ყოველ ნაბიჯზე წარმატებას აღწევს, აღმოჩნდება, რომ ისტორიას ვეღარ აგრძელებ, მე მგონია, ავტორი ყოველთვის უსვამს თავს შეკითხვას – რა იქნება შემდეგში?”

მასალების გადაბეჭდვის წესი