რა თანხას უხდის პრემიერის ადმინისტრაცია დავით იაკობაშვილის კომპანიებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის კანცელარიამ მისი საქმიანობის რეკლამირებაში 2014 წლის პირველ შვიდ თვეში 153 325 ლარი დახარჯა. მთავრობამ შპს “სტუდია მეტროს” “პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისთვის გასაცნობად საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადება” დაუკვეთა, რისთვისაც კომპანიას 52 157 ლარი გადაუხადა.
იმავე პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ კიდევ ერთ კომპანიას – შპს “მედია პორტს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების საზოგადოებისთვის გასაცნობად საინფორმაციო ვიდეორგოლის სატელემაუწყებლო მომსახურება დაუკვეთა. ამ მომსახურებაში მთავრობამ 60 499 ლარი დახარჯა. ერთჯერადი სარეკლამო კლიპის სატელევიზიო ეთერში განთავსების მიზნით იმავე კომპანიას მთავრობამ 68 880 ლარი 2013 წლის 30 დეკემბერს გადაუხადა.
სათანადო დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნულ ორივე კომპანიაში წილებს ფლობს ან პარტნიორული ურთიერთობა აქვს რუსეთში მცხოვრებ მილიარდერ დავით იაკობაშვილს. ვიდრე განვიხილავთ, თუ რა გზით აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრთან – დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული სარეკლამო კომპანია – „მედია პორტი“ იაკობაშვილის მფლობელობაში, გეტყვით იმის შესახებ, თუ რამდენად კანონის დაცვით დაუკვეთა რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის კომპანიებს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სარეკლამო კამპანია.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ამ შესყიდვასთან დაკავშირებით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არავითარი ინფორმაცია არ იძებნება. შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, მაშინ როცა ხელისუფლება ვალდებულია ამ სახის მომსახურება ტენდერის გზით შეისყიდოს.
საკითხში სიცხადის შეტანის მიზნით “ბათუმელებმა” კომენტარისთვის მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას. შესაბამისმა თანამდებობის პირებმა კომენტარზე უარი თქვეს და მათთან ურთიერთობისთვის წერილობითი ფორმა შემოგვთავაზეს.
2 აპრილს “ბათუმელებმა” შემდეგი კითხვებით მიმართა მთავრობას: დამზადებული სარეკლამო ვიდეორგოლი რომელი ტელევიზიების ეთერში გავიდა და რამდენჯერ? საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2014 წლიდან დღემდე რა თანხა დახარჯა ჯამურად სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე (ყველა სახის რეკლამის დამზადება/განთავსება)? ინფორმაცია მსგავსი ტიპის სხვა შესყიდვების შესახებ (ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება, რამდენ ლარზე, რა მომსახურებაზე), რომელიც განხორციელდა 2014 წლის 1 ივლისიდან დღემდე?
წერილზე პასუხი მთავრობიდან “ბათუმელებს” ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, ეს თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი.
რამდენს უხდიან სახელმწიფო დაწესებულებები დავით იაკობაშვილის კომპანიებს
2014 წლის განმავლობაში დავით იაკობაშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს საბიუჯეტო დაწესებულებებმა მათი საქმიანობის რეკლამირებისთვის თითქმის 1 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა მისცეს. ყველაზე ძვირადღირებული დაკვეთა მაგალითად, კომპანია “მედია პორტს”, საქსტატისგან მიუღია. ამ ტენდერში დაფინანსების წყარო იყო გრანტი (UNFPA). “მედია პორტს” ჰყავდა კონკურენტებიც – კომპანიები: “ბეთერ ფლაი” და UM Georgia. დაკვეთის შესრულებაში ყველაზე მეტი თანხა სწორედ ამ უკანასკნელმა მოითხოვა – 508 397 ლარი, “მედია პორტმა” – 394 999 ლარი, ხოლო “ბეთერ ფლაიმ” – 374 999 ლარი. ტენდერში “მედია პორტმა” გაიმარჯვა.
კიდევ ერთი სოლიდური დამკვეთი “მედია პორტისთვის” შარშან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო. ფონდს ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა 227 240 ლარზე და ითხოვდა “შემსყიდველის მიერ გადაცემული 52 წამის და 35 წამის ქრონომეტრაჟის ვიდეორგოლების განთავსებას სატელევიზიო არხებში”. მოთხოვნებში ასევე ეწერა – “ვიდეორგოლების განთავსება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ხუთ სატელევიზიო არხზე”. ამ ტენდერში პირობის შესრულება შპს UM Georgia-მ ფონდს 213 598 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა, “მედია პორტმა” კი – 1 ლარით ნაკლებ თანხად, ანუ 213 597 ლარად. ტენდერში UM Georgia გაიმარჯვა.
“მედია პორტმა” შარშან გაიმარჯვა შპს “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც. ტენდერის ღირებულება 125 787 ლარი იყო. “მედია პორტმა” თავის კონკურენტს – “ტვ ინტერნეიშენელს” მინიმალური თანხით აჯობა. კომპანიამ 122 940 ლარის სანაცვლოდ აიღო ვალდებულება, რომ საინფორმაციო სახის ვიდეორგოლს სამ სატელევიზიო ეთერში განათავსებს, რომელთაგან ორი არხი უნდა შეირჩეს 2014 წლის SHR%-ის რეიტინგით. მომსახურების გაწევის ვადა: 2015 წლის 6 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით.
გასულ წელს, სსიპ “დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ” გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად “მედია პორტი” სამჯერ გამოაცხადა. დაკვეთის საერთო ღირებულება 150 ათასი ლარი იყო. თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერებში “მედია პორტს” კონკურენტი არ ჰყოლია. ამ ტენდერის თანახმად “მედია პორტს” აკადემიის რეკლამირებაზე უნდა ეზრუნა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვადით, მაგალითად, 55 ათას ლარად მან 30-წამიანი ვიდეორგოლის განთავსება ითხოვა ორ ქართულ არხზე 2015 წლის 9 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა აკადემიას დანარჩენი ორი ტენდერის შემთხვევაშიც.
“მედია პორტის” დამკვეთებს შორის არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. კომპანიას უპირატესობა სამინისტრომ გასულ წელს გამოცხადებულ ორ ტენდერში მიანიჭა. ორივე შემთხვევაში სამინისტრო ითხოვდა სამი სატელევიზიო არხის ეთერში რეკლამის განთავსებას.
“კლიპის გაშვება ჯამურად 3 არხზე უნდა განხორციელდეს არანაკლებ 55-ჯერ კამპანიის განმავლობაში”, – ეს სამინისტროს ერთ-ერთი მოთხოვნათაგანი იყო. ორი ტენდერისთვის სამინისტრომ ჯამში 93 706 ლარი გამოყო.
სარეკლამო მომსახურების დაკვეთა “მედია პორტს” მიუღია თბილისის მერიისგანაც. ტენდერის პირობებში წერია: “მომსახურების გაწევის ვადაა – 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით”. სატელევიზიო რეკლამისთვის მერიას 110 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.
“მედია პორტს” კიდევ რამდენიმე საბიუჯეტო დაწესებულებისგან აქვს მიღებული მათი საქმიანობის რეკლამირების დაკვეთა.
თავის მხრივ, “მედია პორტს” კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია აქვს დაფუძნებული – შპს “აუთდორ მედია ჰაუსი” (25%). მას კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს – შპს აუთდორ.ჯი (50%) და შპს “აი სიი.ჯი” (25%). 2014 წელს “აუთდორ მედია ჰაუსმა” სახელმწიფო დაწესებულებებისგან 250 665 ლარის დაკვეთა მიიღო, მათ შორის საქსტატისგან – 177 999 ლარის, ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან – 72 668 ლარის.
ცნობილი ფაქტია, რომ დავით იაკობაშვილმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ბიზნესაქტივობების შეძენა 2013 წლიდან დაიწყო, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება. ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტო – შპს “მედია პორტი” ოფშორში დაფუძნებული კომპანიების მიერაც არის დაფუძნებული. კომპანიას რეგისტრაციის ეტაპზე (2009 წლის 21 ოქტომბერი) გაცილებით მეტი მფლობელი ჰყავდა, ვიდრე ახლა: დამფუძნებლებს შორის არის შპს “სტუდია მეტრო” (5%) და შპს “უნივერსალ კაპიტალ გრუპი” (60%). მაია მეტრეველი (30%) და შპს “ედ ვინდფორსი” (5%).
თავის მხრივ, “უნივერსალ კაპიტალ გრუპის” მფლობელი შეიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს – მის მფლობელს, პანამაში დაფუძნებულ სააქციო საზოგადოება რილფ მენეჯმენტს, ჩაენაცვლა ახალი მფლობელი – ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული “რედელი მენეჯმენთ ლიმითედი”. მაგრამ “უნივერსალ კაპიტალ გრუპი” კვლავაც 60%-ს ფლობს “მედია პორტში”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, რაც დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, “უნივერსალ კაპიტალ გრუპის” წილების მფლობელი ახალი კომპანია დავით იაკობაშვილის ეკუთვნის.
თავის დროზე კომპანია “მედია პორტს” კიდევ ერთი დამფუძნებელი ჰყავდა – სარეკლამო ბიზნესში ცნობილი ირაკლი ბურძგლა. ის კომპანიაში ფლობდა წილების 20%-ს და იყო დირექტორიც – ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებით. ბურძგლამ “მედია პორტში” თავისი წილები მაია მეტრეველს 2011 წელს მიჰყიდა 350 ათას ლარად. თუმცა, “მედია პორტთან” ურთიერთობები ირაკლი ბურძგლას არც ამ დროისთვის აქვს გაწყვეტილი – ის კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელ კომპანიაში – “ედ ვინდფორსიში” 16 %-იანი წილის მფლობელია.
თავის დროზე ბურძგლა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ სარეკლამო სახლს – “ჯორჯიან მედიას” ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა.
“უნივერსალ კაპიტალ გრუპი” საქართველოში არაერთი მიმართულებით მუშაობს, მაგალითად, „აგარის შაქრის კომპანიაში” წილების 24,497%-ის მფლობელია. როგორც უკვე ვთქვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კომპანია „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ Rylf Management SA-ის (პანამა) კუთვნილება იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, “ეს უკანასკნელიც ფორმალური ჰოლდინგია, რომელიც, შესაძლოა, კეზერაშვილს ეკუთვნის. Rylf Management SA-ს მთელი რიგი კომპანიები ეკუთვნის, მათ შორისა “UCG grin faueri“ და „UCG აგრო“. Rylf Management SA-ს წარმოადგენდა ივანე ნაკაიძე, რომელიც 2012 წლის ივლისამდე „ჩენელ ენერჯის“ (ნავთობტერმინალის ოპერატორი ფოთის პორტში) ფინანსური დირექტორი იყო. „ჩენელ ენერჯი“ „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მფლობელია (32.67%). 2014 წელს დავით იაკობაშვილი სწორედ ამ ბიზნესში გახდა მეწილე, – რუსეთში მცხოვრებმა მილიარდერმა შარშან ფოთის ტერმინალი იყიდა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის კიდევ ერთ კლიენტს – “სტუდია მეტროს”, ეს კომპანია 2007 წლის 17 იანვარს არის დაფუძნებული. მას თავდაპირველად ექვსი დამფუძნებელი ჰყავდა. კომპანიის მეწილეები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება იყო 2014 წლის 10 ოქტომბერს, “სტუდია მეტროს” წილები – 20.8% გიორგი ხეცურიანმა 100 ათას დოლარად გაყიდა. ამჟამად კომპანიაში წილებს ფლობენ ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (44%), თენგიზ გაბეჩავა (44%) და კობა დავარაშვილი (11%) (ისრაელის მოქალაქე).
რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილს დავით იაკობაშვილთან
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, ბიზნესურთიერთობა აქვთ დავით იაკობაშვილსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. არასამთავრობო ორგანიზაციამ 2013 წელს დაწერა: “2012 წლის მარტში ივანიშვილის აგროსამრეწველო კომპანია „სტოილენსკაია ნივამ“ (Stoylenskaya Niva) იაკობაშვილის ჰოლდინგ „ЗАО Русагропроект“-ისაგან (რუსული აგრარული პროექტი) რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა. იაკობაშვილმა 2012 წელს დაადასტურა გარიგება, მაგრამ გარიგების ზუსტი ღირებულება არ გაუმჟღავნებია. ამის შემდეგ ივანიშვილმა „სტოილენსკაია ნივა“ Ar- co International Group-ს (ამერიკული საინვესტიციო ფირმა), გავრცელებული ინფორმაციით, 180 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა (ეს შემოსავალი პრემიერ-მინისტრობის დროს ივანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მოხსენიებული არ ჰქონდა)”.
შეცდომის გასწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიის პირველ აბზაცში ეწერა, რომ შპს „სტუდია მეტრომ“ 508 ათასი ლარის დაკვეთა მიიღო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან. სინამდვილეში აღნიშნული დაკვეთა მიიღო შპს „მედია პორტმა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის „სტუდია მეტრო“.
„სტუდია მეტროსთან“ მიმართებაში დაშვებული იყო კიდევ ერთი უზუსტობა. სტატიაში ეწერა: „ცნობილი ფაქტია, რომ დავით იაკობაშვილმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ბიზნესაქტივობების შეძენა 2013 წლიდან დაიწყო, მათ შორის იყო “შპს სტუდია მეტროც…” სინამდვილეში „სტუდია მეტრო“ დავით იაკობაშვილსა თუ მასთან დაკავშირებულ ბიზნეს-ჯგუფებს არ უყიდიათ. „სტუდია მეტროსა“ და დავით იაკობაშვილის მფლობელობაში არსებულ „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ აქვთ პარტნიორული ურთიერთობა – მათ საერთო მფლობელობაშია სარეკლამო კომპანია „მედია პორტი“.