ახალი ამბები

 102 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

23 ოქტომბერი, 2019 •
 102 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად 102 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, პირველი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამ რაოდენობის სესხია.

აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზარდათ. ორგანიზაციის ცნობით, 102 700  ხელშეკრულებიდან 28 300 არის სამომხმარებლო ტიპის სესხი, რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, შემდეგ მოდის ბიზნესსესხი. ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული არის ავტოსესხი.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით საპროცენტო განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა. სები საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად მიზნობრივზე ბევრად მაღალ ინფლაციას ასახელებს, რომელსაც სხვა ფაქტორებთან ერთად ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობებს.

ცენტრალური ბანკის ცნობითვე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, “რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად”.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი