მერი აღიარებს, რომ ხელისუფლებაში სწორედ მწვანე პლატფორმით მოვიდა, თუმცა, მისი თქმით, ეკონომიკური ინტერესიც ძალიან მნიშნელოვანია:
“ჩვენი ძირითადი პლატფორმა, რითიც მოვედით [ხელისუფლებაში], არის მწვანე პლატფორმა, ანუ ქალაქის გამწვანება, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როცა პირებს მიწა აქვთ საკუთრებაში, ათეულობით მილიონი ლარი უდევთ და პროექტის განხორციელება უნდათ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ასეთ პროექტებზე უარი ვთქვათ მაშინ, როცა ადამიანები დასასაქმებელი არიან და ბიუჯეტში შემოსავალი გვჭირდება. ამიტომ ყოველთვის ვირჩევთ ოქროს შუალედს: ცალკეული პროექტის პროექტირებას ვაკეთებთ, თუ მაინცდამაინც მოჭრაა საჭირო, ვავალდებულებთ, რომ ბევრად მეტი ხე გაახარონ”, – განაცხადა ნარმანიამ.
ალეკო ელისაშვილის თქმით კი, ახალი ხელისუფლების პირობებში ახალ ხეებს მართლაც რგავენ, თუმცა მისთვის გაუგებარია, ამ პროცესის პარალელურად რატომ ჭრიან ძველ ხეებს. დეპუტატის თქმით, ასეთი შემთხვევა გუშინწინ მოხდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც 19 ფიჭვი მოჭრეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანებისა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვის ღონისძიებები. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გამწვანება ასეთი ინტენსივობით დედაქალაქში ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა.
„დაიწყო დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო სკოლებისა და ბაღების ეზოებში მიმდინარეობს მასობრივი გამწვანების აქციები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას უვადოდ შეჩერებული მშენებლობები დახვდა. დავით ნარმანიას განცხადებით, გაცემული იყო კანონსაწინააღმდეგო მშენებლობის ნებართვები. „დაგვხვდა დაბინძურებული პარკები, უყურადღებოდ მიტოვებული, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში, ჰიგიენური და ესთეტიკური თვალსაზრისით მიუღებელი მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანებული და დაძონძილი ბილბორდები, თვითდინებაზე მიშვებული დასუფთავების პროცესები და დასუფთავების მოსაკრებლის მიკერძოებული, არაკვალიფიციური ადმინისტრირება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის განცხადებით, პარკები სისტემატიურად სუფთავდება, “დაინერგა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები; მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა, მათი ქაოტური მართვა შეწყდა და პასუხისმგებლობა გადავიდა ერთი უწყების ხელში; მიწისქვეშა გადასასვლელებში მონტაჟდება მოძრავი პანდუსები და ვიდეოკამერები”.
დავით ნარმანის თქმით, ბოლო 6 თვეში ხეების დარგვის ტემპი გაიზარდა 850%-ით და 1,000,000 ახალი ხე დაირგვება 2017 წლის შემოდგომის ჩათვლით.