ნარმანიას თქმით, მერიის მიერ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანია “ერნსტ ენდ იანგმა” დაასრულა თბილისის მერიასა და “სითი პარკს” შორის თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ “ხელშეკრულება კომპანიის სასარგებლოდ “ცალმხრივად არის გადახრილი. მერის თქმით, მისმა წინამორბედებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას, თუ რატომ შეუქმნეს კომპანიას ასეთი სასათბურე პირობები ქალაქის საზიანოდ.
“დღეს რომ ჩვენ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება მოვშალოთ, 25 მილიონის გადახდის საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მუნიციპალიტეტი, რაც ძალიან მძიმე პოლიტიკური საკითხია. ამაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება, როცა ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გავმართავთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კვლავ ძალაში 3 პირობა, რომლის შესრულებასაც მერია კომპანიისაგან ითხოვს: 1. უნდა შეიცვალოს ავტომობილების საჯარიმო ავტოსადგურებზე გადაყვანა და დაჯარიმება უნდა მოხდეს ადგილზე. 2. უნდა შეიცვალოს თანხების განაწილების საკითხი, რაც მერის თქმით, დღეს კომპანიის სასარგებლოდაა მოწყობილი. 3. ეტაპობრივად უნდა მოიშალოს ტროტუარებზე პარკირების პრაქტიკა.