ცხოველთა დამცველების აქციას შეუერთდნენ პარტიზანი მებაღეებიც. მათ საკრებულოს მთავარი შესასვლელის წინ იპოდრომზე მოჭრილი ხის ტოტები დაალაგეს. პარტიზანი მებაღის, თამარ ქადაგიძის თქმით, გუშინ იპოდრომზე თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვით 19 საღი ფიჭვის ხე მოჭრეს.
ცხოველთა დამცველები თბილისის მერის პასუხს ელოდებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფიო ბეროშვილი ამბობს, რომ თუ დედაქალაქის მერს ცხოველები უყვარს, ის ჩამოვა და მათ გვერდში დადგება. თუმცა ნარმანიამ ეს კანონი დღეს დადებითად შეაფასა და საკრებულოს მადლობა გადაუხადა მისი მიღებისთვის.
ცხოველთა დამცველი, თიკო კვალიაშვილი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციონირებას აკრიტიკებს. მას მონიტორინგის წინააღმდეგ ცხოველთა მოყვარულების ხელმოწერებით სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუმცა ჯერჯერობით საქმე არ განხილულა. მისი თქმით, სააგენტო მერიიდან 3 მილიონით ფინანსდება, საიდანაც თანამშრომლების ხელფასებზე და პრემიებზე უფრო მეტი თანხაა გაწერილო, ვიდრე ცხოველებისთვის.
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ სააგენტოში ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული და ამის შედეგად ცხოველები ავადდებიან.
სოფიო ბეროშვილის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამ კანონში ცვლილებები არ შევა. ცხოველთა დამცველები იურისტებთან აპირებენ კონსულტაციის გავლას და ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ კანონის გასაჩივრებას.
თბილისის საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობის ახალი წესი 6 აპრილს მიიღო, რომელსაც ცხოველეების უფლებების დამცველები ეწინააღმდეგებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წესის პროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.
საკრებულოს ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოსთან ცხოველების უფლებების დამცველები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ წესის დამტკიცების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების ხოცვა დაიწყება. წესის დაჩქარებულად მიღებას აგვისტოში თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვას უკავშირებენ.
წესის თანახმად, სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. რეგისტრაციას განახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულება. შეიქმნება აღრიცხვის ერთიანი ბაზა. საკუთრებაში მყოფ ცხოველს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი მიკროჩიპი ან ტატუირება, ან “საჭდი” და ყელსაბამი.










