ახალი ამბები

ჯანელიძე: წარმატებული სვლა ნატოსკენ გაღრმავდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში

8 აპრილი, 2015 •
ჯანელიძე: წარმატებული სვლა ნატოსკენ გაღრმავდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში

მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ წელს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება.

 

“წარმატებული სვლა ნატოსკენ კიდევ უფრო გაღრმავდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

მინისტრის თქმით, პროფესიული სამხედრო სწავლების კუთხით გაიზარდა აშშ-ის მხრიდან დაფინანსება. მან ასევე ისაუბრა ჯარისკაცებისა და ოფიცრების დაწინაურების პროცედურაზე და განაცხადა, რომ ოფიცრების როტაცია 3 წელიწადში ერთხელ მოხდება. მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროში შეიქმნება სტანდარტიზაციის დანაყოფი და ნებისმიერი საქონელი თუ მომსახურება, რომელსაც სამინისტრო შეიძენს, უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს. ჯანელიძის თქმით, ძალიან დიდია დაინტერესება კადეტთა ლიცეუმის მიმართ და იგეგმება, რომ ეს ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც შეიქმნას. ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის აკადემიაში მუშაობენ სამაგისტრო პროგრამებზე.

 

მინისტრის თქმით, გაუმჯობესდა როგორც ჯარისკაცების საკვები, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, მიმდინარეობს სასადილოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

“სამხედროთა კვებაზე დახარჯული რესურსების უკეთესი აღრიცხვისა და ანალიზის მიზნით მომზადდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმში გაეშვა შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში და 52-ე ბატალიონში. მომდევნო ორ-სამ თვეში იგეგმება სისტემის გაშვება ყველა მოდერნიზებულ სასადილოში. ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოები თვითონ კვების კომპანიის მხრიდან, რისთვისაც მათ ხარჯთაღრიცხვაში დამატებით თანხას ვუხდით. ასევე პერსონალს უტარდება სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დინამიკურად ვმოძრაობთ იმისათვის, რომ, საბოლოო ჯამში, კვებითი მომსახურეობა გახდეს ჩვენს ჯარში დღითიდღე უკეთესი და ეს, საბოლოო ჯამში, მივიდეს ნატოს სტანდარტამდე. ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიცია, ამ ინვესტიციას ვახორციელებთ და სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რათა სასადილოების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მინდია ჯანელიძე პარლამენტში, 8.04.2015
მინდია ჯანელიძე პარლამენტში, 8.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი