“მე მინდა გითხრათ, რომ მათ შორის მიმდინარეობს ასეთი ურთიერთობები და აქტიურ ფაზაშია საფრანგეთთან. საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში ჩართული არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ის ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციაში. ამიტომ ხორციელდება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სერგო რატიანის შეკითხვაზე საფრანგეთის ხელშეკრულების ჩაშლასთან დაკავშირებით, ჯანელიძემ განაცხადა, რომ “ეს არის აბსურდი, არავის არაფერი არ ჩაუშლია.”
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა იმართება, სადაც უფრო ვრცლად ისაუბრებს, განაცხადა ჯანელიძემ.
“ყველაფერი მიდის ნორმალურად, გეგმის ფარგლებში, შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი საუბარი დააზიანებს ჩვენი მთავრობის ინტერესებს.”- თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება იყო მისი, როგორც მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამას ემსახურებოდა საფრანგეთთან მის მიერ გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ხელშეკრულება, რაც მის შემდგომ მინისტრ მინდია ჯანელიძეს არ განუხორციელებია. აღნიშნულ ბრალდებას ჯანელიძე უარყოფს და ამბობს, რომ ამ კუთხით რაიმე ვადა არ არსებობს და მუშაობა გრძელდება.