შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წარუდგინეს.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით) დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.
ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.
16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია.
მიხეილ დვალიშვილის ოჯახის წევრების თქმით, ამ უკანასკნელმა არ იცოდა გოგოს ასაკი.