“მიუხედავად მაღალი წინააღმდეგობისა, მიუხედავად ცალკე, ვიწრო ინტერესებისა და ხმაურისა, ჩვენ აუცილებელი რეფორმის გატარება დავიწყეთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობის ახალი წესი 6 აპრილს მიიღო, რომელსაც ცხოველეების უფლებების დამცველები ეწინააღმდეგებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წესის პროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.
საკრებულოს ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოსთან ცხოველების უფლებების დამცველები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ წესის დამტკიცების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების ხოცვა დაიწყება. წესის დაჩქარებულად მიღებას აგვისტოში თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვას უკავშირებენ.
წესის თანახმად, სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. რეგისტრაციას განახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულება. შეიქმნება აღრიცხვის ერთიანი ბაზა. საკუთრებაში მყოფ ცხოველს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი მიკროჩიპი ან ტატუირება, ან “საჭდი” და ყელსაბამი.