ახალი ამბები

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი პოლიციაში დაიბარეს

22 ოქტომბერი, 2019 •
შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი პოლიციაში დაიბარეს

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი გორის პოლიციაში დაიბარეს. როგორც მიხეილ დვალიშვილის ადვოკატი ამბობს, საგამოძიებო მოქმედებები დვალიშვილისა და არასრულწლოვანი გოგოს თანაცხოვრებას ეხება:

“საგამოძიებო მოქმედებები ეხება იმ კონკრეტულ საქმეს, როდესაც საერთო თანაცხოვრება ჰქონდათ, გავიგებთ, რა საქმეა და მოგახსენებთ დეტალურად” ,- უთხრა დვალიშვილის ადვოკატმა მთავარ არხს.

17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით) დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.

16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ნეტგაზეთი მაშინ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებითაც და დადგება თუ არა პარტნიორის პასუხისმგებლობა. მიხეილ დვალიშვილის ოჯახის წევრების თქმით, ამ უკანასკნელმა ქორწინებისას არ იცოდა გოგოს ასაკი.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი